ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას წელს იმერეთი იქცევს. პრომეთეს მღვიმე ერთ-ერთია იმ დაცული ტერიტორიებიდან, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ჩადიან. მოგზაურების რაოდენობა აქ ყოველ წელს იზრდება. ჭარბობენ ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები. პრომეთეს მღვიმის გარდა, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იმერეთში სათაფლიაა.

ვიზიტორების სიმრავლით გამორჩეულია მარტვილი. კანიონის დასათვალიერებლად, წელს ათობით ათასი ტურისტი ჩავიდა. ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება მტირალას ეროვნულ პარკშიც. უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს წალკის კანიონიც.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი - საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით იზრდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ვიზიტორების მზარდი სტატისტიკა საერთაშორისო სტატიებისა და ტურისტული გამოფენების შედეგია. სააგენტოში განმარტავენ იმასაც, რომ გრძელდება მუშაობა ეკოტურიზმის განვითარებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

გასულ წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 104 428 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის 60 % - მდე უცხოელი სტუმარია.

წყარო: რუსთავი 2