ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ქვეყანა წლიურად დაახლოებით 1 მლნ-მდე მგზავრს დაკარგავს. ტურისტული სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფიციალურ მონაცემებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე ქუთაისის აეროპორტი წლიურად 400 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა. ლაშა ბერეკაშვილი შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლო დანაკარგებზე მიუთითებს.
,,თუ საქართველო/ევროკავშირის შორის კვლავ დაწესდება სავიზო რეჟიმი, და შედეგები დაბრუნდება 2017 წლის მსგავს დონეზე, ქუთაისის აეროპორტმა, შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 1 მილიონამდე მგზავრი დაკარგოს. ეს ნიშნავს:
- დაახლოებით 76%‑იანი შემცირება მგზავრთა რაოდენობაში;
- მნიშვნელოვანი ზიანი ტურიზმს, ადგილობრივ ეკონომიკას, ავიაკომპანიებსა და სამუშაო ადგილებს
უვიზო რეჟიმის გაუქმება ქუთაისის აეროპორტისთვის ნიშნავს მგზავრთა რაოდენობის დაახლოებით 80%‑მდე შემცირებას, რაც გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს რეგიონისთვის და ქვეყნისთვისაც. ანუ პირველივე დღიდან, როცა უვიზო გაუქმდება ქუთაისის აეროპორტი მინიმუმ წელიწადში 1 მილიონ მგზავრს დაკარგავს და კიდევ უფრო მეტს მომდევნო წლებში სანამ აზრი აღარ ექნება მის მუშაობას.
აქ არის თავად აეროპორტების გაერთიანების მიერ მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკები:
"2024 წლის რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ტოპ 5 საშუალო ზომის აეროპორტს შორის, 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებლის გათვალისწინებით. 2024 წელს მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 97%-ით, ხოლო ფრენების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა. აეროპორტი 2024 წელს 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა", - წერს ლაშა ბერეკაშვილი.