რესტორატორი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორნებში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში,  მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მეიდანზე მუშაობა რამდენიმე რესტორანმა შეაჩერა. როგორც რესტორატორი „კომერსანტთან" აღნიშნავს, მსგავსი ვითარებაა სამთო კურორტებზეც.

გარდა მომხმარებელთა კლებისა, ჩავარდნილი სეზონის გამო, მცირდება სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობაც.

ბურჯანაძე ამ ყველაფერს ქვეყნის თვითიზოლაციას უკავშირებს და ვარაუდობს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სცენარი ბევრად მძიმე იქმნება.

,,ჩვენ სფეროში არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც არსებულ მდგომარეობას ასახავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, როცა სამუშაო ადგილების ძებნა იწყება, ანუ მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. ამ პერიოდში, დასაქმებული ადამიანები სამთო კურორტებზე გადიან, თუმცა იქაც არ არის შესაბამისი სიტუაცია. ეკონომიკურ და ფინანსურ დეტალებს რომ თავი დავანებოთ, გუდაურში თოვლიც არ არის, შესაბამისად, დამსვენებლებიც არ არიან. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილია.

ბაკურიანში თოვლი კი არის, მაგრამ იქ ადამიანები მხოლოდ სასრიალოდ, რამდენიმე დღით ჩადიან, რა მოთხოვნაც იყო საახალწლოდ, აღარ არის. სამწუხაროდ, სამთო კურორტებზე დასვენების პროცესი ვერ განვითარდა. ეს ხალხი, ვინც იქ უნდა დასაქმებულიყო, თბილისში დაბრუნდა.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ტურისტების ნაკლებობა ემატება, რაც დედაქალაქში ძალიან იგრძნობა.

ჩვენს ქვეყანაში, რესტორნების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნებია: არსებობს ტურისტული უბნები, სადაც ადგილობრივები არ დადიან, სამწუხაროდ, რესტორნების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ ლოკაციებზე დაიხურა. ეს შემთხვევა სფერომ შესაძლოა აიტანოს, მაგრამ ჩვენ უფრო რთულ პერიოდს ველოდებით, თუ ლარი გაუფასურდება, პირველად ამ დარტყმას ტურიზმის სფერო მიიღებს. ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, და შესაბამისად შემოსავალი დაიკლებს”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ “კომერსანტთან” ინტერვიუში.