ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ტურისტული ობიექტი „ქულბაქის მწვანე ტბა" გაფართოვდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა გასვიანი „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ობიექტს მარანი, საცურაო აუზი და ასევე, სპორტული მოედანი დაემატა.

კახა გასვიანის ცნობით, კომპლექსი საერთო ჯამში 50 სტუმრის მიღებას შეძლებს.

"გაფართოების გადაწყვეტილება მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღე. აღნიშნულის გარდა ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კოტეჯებსაც დავამატებთ. ამჯერად, მარანს დაემატა 2 სართული, რაც 30-მდე სტუმრის მიღების შესაძლებლობას გავძლევს. სამომავლოდ ვგეგმავთ, კიდევ 18 ახალი ნომრის დამატებას.

ჩვენი ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. წინა წლებში ადგილობრივი ტურისტები უფრო გვსტუმრობდნენ, თუმცა წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობამ ადგილობრივების რაოდენობას გადააჭარბა. ამჟამად ობიექტის დატვირთულობა, დაახლოებით, 80%-მდეა", - აცხადებს კახა გასვიანი.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტია და ეს ფაქტორი ტურისტული ობიექტის საქმიანობისთვის შესაძლოა ხელშემშლელი იყოს.

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი  "ქულბაქის მწვანე ტბა" ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე მდებარეობს. "ლეჩხუმის ოაზისად" წოდებული ადგილი ვიზიტორებს 2007 წლიდან მასპინძლობს.

"ქულბაქის მწვანე ტბა" დამსვენებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. მათ შორის, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვს,  თევზჭერაში მიიღონ მონაწილეობა, სურვილის შემთხვევაში, თვითონ შეწვან თევზი, ნავით ან ეტლით გაისეირნონ,  ჩაერთონ ცხენების ტურში, დაათვალიერონ ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობები და სხვა.

bp.ge