რომან ბურდულაძე უკვე წლებია, ტურიზმის სფეროში აქტიურად არის ჩართული. როგორც ის „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, „თუშეთი ლენდი“ ტურისტებს ტურების ფართო არჩევანს სთავაზობს, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებული მოთხოვნა მთის ტურებზე - თუშეთსა და სვანეთზეა. ტურის ხანგრძლივობა 3 დღიდან იწყება და 10 დღემდე გრძელდება. 

რომან ბურდულაძის თქმით, პანდემიის პერიოდში ყველაფერი გაჩერდა, საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მიმდინარე წელს იმედიანად უყურებს, რადგან ტურისტების მომართვიანობა გაიზარდა.

„ტურისტებს ყველანაირ ტურს ვთავაზობთ, მაგრამ ძირითადად ორიენტირებული ვართ საფეხმავლო-საცხენოსნო და ჯიპ-ტურებზე თუშეთსა და სვანეთში. წელს იმედიანად ვუყურებთ. პანდემიის დროს ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ყველაფერი გაგვიჩერდა, ნულზე ვიყავით, ოჯახი რომ შემენახა მერიაში დავიწყე მუშაობა. წელს ძალიან იმედიანად ვარ. წამოვედი საჯარო სამსახურიდან და ყოველ დღე თითო შეკვეთა მაინც შემოდის, აგვისტოში მთელი თვე 2-3-4 ტურია ერთდროულად დაგეგმილი,“ - აცხადებს რომან ბურდულაძე.

მისი თქმით, მთის ტურებზე კადრების დიდი პრობლემაა, რადგან პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები, ვინც გიდად მუშაობდნენ, მთის საფეხმავლო მარშრუტი, სამანქანო გზა და ინგლისური იცოდა, უმუშევრები დარჩა და მათი დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა.

რაც შეეხება ფასებს, რომან ბურდულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტურებზე ფასები მინიმუმ 20%-ით გაიზარდა და ამის მიზეზი საწვავის, საკვებისა და სასტუმროს ფასების ზრდაა.

„ტურის ფასი დამოკიდებულია საწვავზე და სასტუმროზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. სასტუმრომ ფასები გაზარდა, რადგან საკვების ფასი გაიზარდა, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. სასტუმრო რომ ფასს გაზრდის და საწვავის ფასი რომ გაიზრდება, მეც უნდა გავზარდო ტურის ფასი. ფასებმა მინიმუმ 20%-ით მოიმატა.

3-დღიანი ჯიპ-ტური 2 ადამიანზე - 1105 ლარი ღირს. ამაში შედის ყველაფერი - თბილისიდან მგზავრობა, გზაში 3-ჯერადი კვება, სასტუმრო, გიდი და ა.შ. ყველაზე ლოგიკური ფასი, 6 ადამიანის შემთხვევაში, კაცზე 650 ლარია.

ძირითად უცხოელებზე ვმუშაობ. ქართველებისთვის ეს ძვირი ფასია. ტურისტები გვყავს - ევროპიდან, ამერიკიდან ინგლისიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან. რაც შეეხება რუსებს, რუსებზე არ ვმუშაობ, საიტის რუსული ვერსია 5 წელია, რაც წავშალე. რუსები რომ მირეკავენ, თუ ვინმე ჩემიანი მუშაობს რუსებზე, მათთან ვამისამართებ, ან პირდაპირ უარს ვეუბნები. პრინციპის ამბავია“, - აცხადებს რომან ბურდულაძე.

მისი თქმით, თუშეთი ექსტრემალური ტურიზმისთვის საუკეთესო ადგილია, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით ხელშეუხებელია, ადამიანის ხელი ნაკლებად ეტყობა და ყველაზე მეტად ეს მოსწონთ უცხოელებს.