საქართველოს გიდების ასოციაცია ქვეყანაში უცხოელი გიდების შემოსვლის დარეგულირებას ითხოვს. ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ხშირად უცხოელი გიდები საქართველოს შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. გარდა ამისა, უცხოელი გიდების შემოსვლით ადგილობრივები სამსახურსა და შემოსავალს კარგავენ. ქეთევან მელაძე განმარტავს, რომ განიხილება რამდენიმე ქვეყნის მოდელი, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის დარეგულირებული. ასოციაციაში იმედოვნებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე წელს მთავრობასთან შეხვედრები გაიმართება, სადაც ისინი შერჩეულ მოდელს წარადგენენ.
,,ყველა ქვეყნიდან ვინც შემოდის მოჰყვებათ თავისი გიდი. ეს ჩვენთვის ძალიან რთული მომენტია. ფაქტობრივად, საქართველოში შემოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან და მიჰყავთ თავისი ტურები ისე, როგორც მათ სურთ. ამაზე მერე სახელმწიფოსთან გვექნება სერიოზული საუბარი. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენი გიდები რჩებიან სამსახურის გარეშე პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ იმედია მალე მოვაგვარებთ ამ საკითხსაც. რიგი ქვეყნები უკვე აგვარებენ ამას. ჩვენც ალბათ რომელიმე ქვეყნის, ერთ-ერთ მოდელს ავიღებთ, რასაც შევთავაზებთ სახელმწიფოს. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მოგვწონს და გვინდა ზუსტად იგივე გავაკეთოთ. რუსეთში არის ძალიან მკაცრად მიღებული ეს თემა. თურქეთშიც მკაცრად რეგულირდება. იქ სხვა ქვეყნის გიდი ვერ ჩაატარებს ტურს და ძალიან დიდი ჯარიმებია. ჩვენ არ ვართ მკაცრად რეგულირებადი ქვეყანა. ლიბერალური ქვეყანა ვიყავით, ყოველ შემთხვევაში. ჩვენ გვინდა, რაც ჩვენთვის, ქართველი გიდებისთვის იქნება კარგი და იქნება უფრო კარგი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან დამახინჯებული ინფორმაციები, ისტორიები, რომლებსაც სტუმრებს უყვებიან ჩამომყოლი გიდები, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. 2024 წელს გვქონდა კომუნიკაცია. წელს არ გვქონია. წელს ალბათ გვექნება შეხვედრები და ამის შესახებ ვისაუბრებთ.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ქეთევან მელაძე.
საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტს ვკითხეთ, როგორ აისახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მათ სექტორზე. ქეთევან მელაძე აცხადებს, რომ ტურისტების ნაკლებობამ ფინანსურად გიდებიც დააზარალა, რადგან ისინი თვითდასაქმებულები არიან.
,,დღეს რა მდგომარეობაც არის ტურიზმის სექტორში, იგივე პრობლემები აქვთ გიდებსაც. ვინაიდან გიდი არის იგივე სფეროს მომსახურე პერსონალი. ეს არის ინტელექტუალი, რომელიც სტუმარს ემსახურება. სტუმრების რაოდენობა დაკლებულია ქვეყანაში. ეს მაჩვენებლები როგორც სასტუმროებზე, ასევე რესტორნებზე ასახულია. იგივე მდგომარეობაში არიან გიდებიც, თუმცა არის ხანდახან შეკვეთები, რომლებითაც ასეა თუ ისე თავი გააქვთ. ოღონდ საუბარია უმცირესობაზე. ეს ყველას არ ეხება. რასაკვირველია, უფრო ნაკლებია შემოსავალი. ეს სახარბიელო ნამდვილად არ არის, ვინაიდან გიდი არის თვითდასაქმებული და მათ ბიუჯეტზე ისახება.’’- აცხადებს ქეთევან მელაძე.