2024 წლის III კვარტალში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 5.3 მილიონს მიაღწია, რაც 0.5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტლის შემდეგ პირველად დაიკლო შიდა ვიზიტების რაოდენობამ. თუმცა, შიდა ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„შიდა ვიზიტორთა განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით 2024 წლის III კვარტალში 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მსგავსია. შიდა ვიზიტორებისთვის ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თბილისი (მთლიანი ვიზიტების 20%), რასაც მოსდევდა იმერეთი (17%) და აჭარა (14%).
2024 წლის III კვარტალში შიდა ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრებისა და ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 47%), რასაც მოსდევდა რეკრეაცია (17%) და საყიდლები (16%). აღსანიშნავია, რომ 2024 წლის III კვარტალში საყიდლების წილი 2 პპ-ით შემცირდა, ხოლო რეკრეაციის წილი გაიზარდა (4 პპ), რის შედეგადაც რეკრეაცია ვიზიტის მიზნების პირველ სამეულში მოხვდა.
2024 წლის III კვარტალში შიდა ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 12%-ით მეტია 2023 წლის III კვარტალთან შედარებით. დანახარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია, კერძოდ, ყველაზე დიდი ადგილი უკავია საყიდლების (32%), საკვებისა და სასმლის (30%) და ტრანსპორტის (19%) დანახარჯებს. აღსანიშნავია, რომ შიდა ვიზიტორების მიერ ერთ ვიზიტზე დახარჯულმა თანხამ 256.0 ლარი შეადგინა, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.