საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვივნენ, სადაც  სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.

10-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები  იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი  ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge“ ხელმძღვანელობს.

საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში გამართული კონკურსის Georgia International wine Award ჟიურის წევრიც იყო.

აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.