ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მიმდინარე მოვლენები ტურიზმის სექტორს აზარალებს. სექტორში აცხადებენ, რომ დეკემბრის თვეში უცხოელი ტურისტები აქტიურად აუქმებენ ჯავშნებს. გაუქმებულია ან გაურკვეველი ვადით გადადებულია კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიება. სექტორში ჯერ ზარალის ოდენობას ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ არასტაბილური ვითარებისა და ჯავშნების გაუქმების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მათ ხელფასების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება გაუჭირდებათ.
რა ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე? კითხვით ,,კომერსანტმა’’ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა. მისი თქმით, ნოემბერი და დეკემბერი საქართველოში ტურისტულად აქტიური პერიოდი არ არის, თუმცა ზარალი ამ თვეებშიც საგრძნობი იქნება.
,,ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში არის ზარალი, მაგრამ ეს ისეთი მატერიალური არ იქნება, ამას როგორმე გადავიტანთ. ეს პერიოდი ჩვენთან არ არის ყველაზე დიდი ტურისტული სეზონი. თუმცა, ეს საკმაოდ გვაზარალებს ამ თვეებშიც. მე მგონი არ არის გასაკვირი. რომელი უცხოელი მოინდომებს ჩამოსვლას, როცა ტელევიზორში უყურებს რაც აქ ხდება. ალბათ ბევრი არ მოინდომებს. მთავარია ეს სიტუაცია, რაც აქ არის დაწყნარდეს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა დიდი ხანი, ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებს. ვგულისხმობ ქუჩის დემონსტრაციებსა და არეულობას.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.