"როგორ წარმოგიდგენიათ, როცა რუსთაველის კადრების აშუქებს საერთაშორისო მედია, რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ქვეყნის ბიუჯეტმა, რომ ტურისტებს უთხრას, ჩვენთან მშვიდობაა, მობრძანდით და დაათვალიერეთო?" - ტურიზმის სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი დარბევის გავლენაზე "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მსგავსი ვითარება შენარჩუნდება, ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სრულ კრიზისად გარდაიქმნება და ქვეყანაში ავიაკომპანიების ოპერირებასა და ვიზალიბერალიზაციასაც შეუქმნის საფრთხეს.
"რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ქვეყნის ბიუჯეტმა, რომ შემდეგ ეს შლეიფი გაასწოროს და თქვას, რომ ჩვენთან მშვიდობაა და მობრძანდით დაათვალიერეთ, როგორ ირღვევა მოქალაქეების უფლებებიო? ბიზნესზე საუბარი არაა დღეს, ჩვენი კოლეგების შვილები არიან სასტიკად ნაცემები, იმ ადამიანების შვილები, რომლებიც ქმნიან ტურიზმის ინდუსტრიას. ყოველდღიურად გაზით შეიძლება მოგვწამლოთ? ასე თუ გაგრძელდა, უკიდურესი კრიზისი შეიქმნება. თუ მხოლოდ ყურის ქვეყნებზე უნდა გვქონდეს აქცენტი, გვითხრან და გადავკეთდეთ "ე.წ. გალფის ქვეყნების ადმინისტრაციად", მათ მომსახურე ქვეყნად. არც იმ ყურის ქვეყნებიდან აღარ ჩამოვლენ შემდეგ, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სრულ კრიზისს.
ავიაკომპანიებიც, პირველ რიგში, სტაბილურ, მშვიდ მდგომარეობას უყურებენ. არც ერთი ავიაკომპანია ქვეყნის პოპულარიზაციას არ განახორციელებს, როცა ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა. თუ ასე გაგრძელდა, ავიაკომპანიები დაიწყებენ ქვეყნისგან გასვლას", - აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
GTI Alliance-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ერთადერთია, რომელმაც საჯარო სექტორთან ერთად იმუშავა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და შრომა, რომელიც კერძო სექტორმა გასწია, შესაძლოა, წყალში ჩაიყაროს.
"ათასობით ადამიანი მუხლჩაუხრელად შრომობს ტურიზმის ინდუსტრიაში, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შეიტანოს წვლილი. წლების განმავლობაში გვესმის, რომ ტურიზმი არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად ასულდგმულებს. ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც ვითარდება, სადაც მცირე საშუალო და მსხვილი ბიზნესი ერთობლივად მუშაობს საჯარო სექტორთან, ეს ტურიზმია.
ცუდ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, ყველაფერი იმის დანგრევა, რასაც წლობით ვაშენებდით. კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ერთად ვდებდით თითო აგურს ვიზალიბერალიზაციისთვის. ყველაზე მეტად ვართ გულდაწყვეტილები და შეურაცხყოფილები", - აღნიშნავს ალიანსის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო გამოფენებზეა წარმოდგენილი, მისი საგარეო კურსი კი ევროპას აღარც განიხილავს: "ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ჩვენ, ერთი მხრივ, საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპაში და, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ 2028 წლამდე არც განვიხილავთ ევროპას".
თამუნა თანდაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები BMG-სთან "ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" მიერ სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. სფეროს წარმომადგენლები ომბუდსმენისგან მოითხოვენ, რომ აქციებზე ხალხის გვერდით დადგეს.
"სახალხო დამცველთან გვაქვს თხოვნა და მოთხოვნა, რომ დადგეს ხალხის გვერდზე, იქ, სადაც რობოკოპები უხეშად არღვევენ ადამიანების უფლებებს და ადამიენბის უფლებათა დაცვა მისი პირდაპირი მოვალეობაა.
ჩვენი სურვილია, რომ სახალხო დამცველი საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდეს ისე, რომ სახალხოდ ყველას ჰქონდეს მისი იმედი. ვითხოვთ, რომ ყოველდღიურად გააკეთონ ბრიფინგები, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია მედიებს, რა ხდება და, დღეს საღამოს, ან თავად, ან მისი მოადგილეები, წარდგნენ ხალხის წინაშე, ტურიზმის ინდუსტრია მათ დახვდებათ აქციაზე. აჩვენონ მოსახლეობას და ქვეყანას, რომ სახალხო დამცველი ხალხის გვერდით დგას", - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.
ალიანსის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრიის მოთხოვნას ომბუდსმენი არ დააკმაყოფილებს, კვლავ ჩაინიშნება საპროტესტო აქცია სახალხო დამცველის ოფისთან, ხვალ კი პირადად ლევან იოსელიანთან შეხვედრაა ჩანიშნული.