„პანდემიის შემდეგ ლაშქრობის მიმართ მოთხოვნა მზარდია, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს ჯერ ვერ დავუბრუნდით - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურისტული კომპანია Green Zebra - ს დამფუძნებელმა ლევან გეჯაძემ უთხრა, მისი თქმით შიდა ტურიზმს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა.
Green Zebra ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს რამდენიმე ტიპის მიმართულებას სთავაზობს, ესენია მსუბუქი ტიპის ექსკურსიები, საშუალო და რთული კატეგორიის ლაშქრობები, ასევე ისეთი ექსტრემალური მიმართულება , როგორიცაა „კანიონინგი“ და “ჩანჩქერინგი“.
კანიონინგი-ეს არის გართობა მათთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა, გადაეშვას საქართველოს სხვადასხვა კანიონებში სპეციალური აღჭურვილობით. კანიონინგი ექსტრემალური გართობის საშუალებაა, სადაც მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ “ზოლიან“ კანიონერებს.
ჩანჩქერინგი - ჩანჩქერებზე, ხან წყლის ქვეშ და ხან წყლის ზემოდან დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები).

Green Zebra - მ მოგზაურებისთვის ცნობადი გახადა ისეთი სალაშქრო მარშრუტები როგორიცაა ყელიწადის ტბა, სუათისის ტბა, უკანტბა, საქორის ტბა, ლაკუმურაშ ტობა, ოქროწყლის ტბა და ა.შ.
„ვიტყოდი რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება მაინც ლაშქრობაა, ამიტომაც ყველაზე მეტი დაინტერესებაც ამ კატეგორიაშია. თუმცა მსუბუქი ტიპი ექსკურსიებიც ძალიან მოთხოვნადია.
ძირითადად დავდივართ ისეთ ადგილებში, რომლებიც ნაკლებად ცნობილია და/ან რთულად მისადგომი. მაგალითისთვის დიდი ოქროწყლის ტბა სვანეთში, ყელიწადის ტბა ყაზბეგში, შავი კლდეების ტბა კახეთში, ტობავარჩხილები სამეგრელოში, ხევსურეთი-თუშეთი-პანკისი მარშრუტი და მრავალი სხვ.
სეზონის ცვლილებასთან ერთად , მხარეების პოპულარულობაც იცვლება. მაგალითად თუკი გაზაფხულის სეზონისთვის შიდა და ქვემო ქართლია ყველაზე პოპულარული, ზაფხულის სეზონზე უპირატესობა უფრო მაღალ მთიანეთს ენიჭება. სვანეთს, ხევსურეთს, ყაზბეგს. ყველაზე ხშირად მაინც ყაზბეგის და ხევსურეთის მიმართულებებითაა მომხმარებელი დაინტერესებული. წელს გამოვარჩევდი ერთი განსაკუთრებულ გასვლას “სამოთხის საბანაკე”-ზე, რომელიც ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია, მკითხველისთვის უფრო ნაცნობი რომ იყოს ამ საბანაკიდან შესაძლებელია თრუსოს ხეობის, კავკასიონის მწვერვალების და მათ შორის მყინვარწვერის ძალიან კარგი რაკურსით დანახვა.“- აღნიშნა ლევან გეჯაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური სეზონი გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომაზე მთავრდება, Green Zebra ზამთრის, თოვლიან ტურებსაც აწყობს, ერთ-ერთი ასეთია ზამთრის ბახმარო, Green Zebra იყო პირველი ტურისტული კომპანია, რომელმაც ადგილობრივი ტურისტების ჯგუფი ზამთრის ბახმაროში წაიყვანა, ეს იყო 2017 წელს.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია ლაშქრობის ხანგრძლივობაზე, სირთულეზე და იმაზე თუ რომელ რეგიონში ტარდება ტური. ასევე არის ტურები, რომლებსაც ემატება დამატებითი მომსახურების საფასური, მაგალითად ზოგიერთ რეგიონში საჭირო ხდება დამატებით ტრანსპორტით მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანით უზრუნველყოფა ტყის გზებზე.

„ჩვენ დამოკიდებულები და პირდაპირ მიბმულები ვართ სხვადასხვა სფეროებზე და მათ ფასებზე. როგორც წესი ყოველწლიურად იცვლება ტრანსპორტირებისა და მომსახურებების ხარჯები, ამიტომ სამწუხაროდ წლიდან წლამდე გვიწევს ფასების გაზრდა და იმ კონკრეტული პერიოდზე მორგება. ეს მაჩვენებელი საშუალოდ 10-12%-ია. “ - აღნიშნა ლევან გეჯაძემ.
