ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, British Airways-ის შემდეგ მეორე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარებაა.

„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას ჩვენს ბაზარზე. რაც იმას უსვამს, ხაზს, რომ ეს არის ჩვენი სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარება. ავიაკომპანია easyJet-ი ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით.

რაც მთავარია, საქართველო უკვე დაუკავშირდა შვეიცარიას უმოკლესი მარშრუტით, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის შვეიცარიელი მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით.

ასევე, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ჩვენ უკვე British Airways-თან და easyJet-თან ერთად ჯამურად, კვირაში 6 სიხშირე გვექნება. აღსანიშნავია მილანი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის და Georgian Airways-თან ერთად, ამ მიმართულებით დღეიდან, უკვე easyJet-ის შეასრულებს ფრენებს“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. პირველი ისტორიული ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან ავიაკომპანიამ გუშინ საღამოს შეასრულა.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს