„პანდემია რომ არ ჩავთვალოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვქონია ასეთი დაბალი დატვირთვა და ციფრები შემოსავლების თვალსაზრისით,“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„დეკემბერი, მხოლოდ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროები დაახლოებით 11 მლნ ლარის ზარალზე გავიდა. ვსაუბრობ მხოლოდ გაუქმებულ ჯავშნებს ანუ 11 მლნ ლარის ჯავშნები გაუქმდა მხოლოდ დეკემბერში, თბილისის ცენტრის სასტუმროებში. ყველაზე ცუდი ის არის, ეს ტენდენცია გრძელდება. რამდენიმე დღე იყო მხოლოდ გამონათება, ახალი წლის პერიოდში, ძირითადად სომხეთის მოქალაქეების ხარჯზე, მართალია წინა წლებთან შედარებით ნაკლები ტურისტი იყო, მაგრამ ახალი წელი თბილისში ძირითადად სომეხი ტურისტებით იყო შევსებული და ამ რამდენიმე დღემ მცირე შემოსავალი მისცა სასტუმროებს. რაც შეეხება მიმდინარე თვეს, იანვარი თბილისის ჭრილში მაქსიმუმ 20-25%-იანი დატვირთვით დასრულდება. ყველაზე ცუდი რაც არის - საშუალო ფასი არის მინიმალურზე ქვემოთ ჩამოსული, ამ წუთისთვის 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი 45-50 დოლარის ფარგლებშია დღგ-ს და საუზმის ჩათვლით ორ ადამიანზე.

რაც შეეხება რეგიონებზე, გუდაურის და ბაკურიანისთვის შედარებით კარგი სეზონი იყო. გუდაურმა 10-11 იანვრამდე საკმაოდ კარგი დატვირთვით იმუშავა, ასევე ბაკურიანმაც, მაგრამ არასასრიალო მიმართულების რეგიონებში, მაგალითად, კახეთში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, იგივე ითქმის იმერეთზეც. რეალურად, პანდემია რომ არ ჩავთვალოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი დაბალი მაჩვენებლები, დაბალი დატვირთვა და ციფრები შემოსავლების თვალსაზრისით, თითქმის არ გვქონია არასოდეს.

თებერვალიც არ ჩანს უკეთესი.. თებერვალშიც საკმაოდ რთული მდგომარეობაა. იანვარში ახალი წელი მაინც იყო და რამდენიმე დღემ შემოსავალი მოგვცა, თებერვალში კი, ამ ეტაპისთვის ასეთი გამონათებაც არ ჩანს და დღევანდელი მონაცემები, საკმაოდ რთულ მდგომარეობას ვპროგნოზირებთ თბილისზე.

რაც შეეხება ზოგადად სექტორს, ამ წუთისთვის არის ასეთი მდგომარეობა, ძირითადად სასტუმრო ოპერირების თვალსაზრისით თავის თავს ვერ ინახავს და სასტუმროების მეპატრონეები იძულებული არიან სხვა ბიზნესებიდან მოიტანონ თუ ჩადონ ფული ბიზნესში, მხოლოდ იმიტომ რომ პერსონალი შევინარჩუნოთ. რეალურად დეკემბრის ჭრილში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ახალ წელს ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურებდი, რადგან პრემიები ვერ გავეცი. მხოლოდ ჩემს მაგალითზე, ბოლო 6 თვეში თბილისის მასშტაბით, 9 სასტუმრო დავხურე. ბევრმა სასტუმრომ პროფილის შეცვლა გადაწყვიტა, ზოგი კამპუსად გადაკეთდა, ზოგი საოფისე ფართებად, ზოგი უბრალოდ დახურულია და ელოდება სეზონის მოსვლას. იმედი გვაქვს აპრილიდან/მაისიდან ეს მდგომარეობა გამოსწორდება, ეს იმედი დაკავშირებულია მხოლოდ სეზონურობასთან. გვსურს იმედი გვქონდეს, რომ სეზონზე რაღაც ნაწილი ტურისტები მაინც წამოვლენ საქართველოში..

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე სასტუმრო ბიზნესი აღარ არის მომგებიანი საქმიანობა საქართველოში. თუ ადრე თბილისში სასტუმროებში განხორციელებული ინვესტიცის ამოღება 7-8 წელიწადში ხდებოდა, ამ ეტაპზე ინვესტირებული თანხის უკან დაბრუნება 20-25 წლის განმავლობაში ხდება. შესაბამისად, ეს არამიმზიდველს ხდის სასტუმრო ბიზნესს,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

www.bpn.ge