10 წლის განმავლობაში ლიეტუვაში სასწავლებლად ჩასული უცხოელების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. თუმცა, ქვეყანაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უცხოელი სტუდენტების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი რჩება.
ლიეტუვის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი უმეტესობა არის ინდოეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და ისრაელიდან. წარმომავლობის ქვეყნების რაოდენობა სწრაფად იზრდება.
„ჩვენ გვყავს სტუდენტები გვატემალადან, ეკვადორიდან. წელს, რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, გვყავს სტუდენტი ავსტრალიიდან. Შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წარმომავლობის ქვეყნების გეოგრაფია ძალიან ფართოა. ლიეტუვა ცნობილი ხდება როგორც სწავლების ფართო შესაძლებლობების მქონე ქვეყანა,“ - ამბობს აუდრონე რაჩკაუსკიენე, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ხელმძღვანელი.
უცხოელები ლიეტუვის უნივერსიტეტების სტუდენტების 10 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენენ. Საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა განსაკუთრებულად შესამჩნევია სამედიცინო სასწავლო პროგრამებზე.
„ჩვენი სტუდენტების მთლიანი ოდენობის 27 პროცენტი არაა ლიეტუველი, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე სტუდენტი უცხოელია,“ - ამბობს ინგრიდა იანულევიჩიენე, ლიტვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დეკანი.
Მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად არჩეული სასწავლო პროგრამების სამეული ასე გამოიყურება: გამოყენებითი მეცნიერებები, ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
თავად სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლებლად ქვეყნის არჩევისას ითვალისწინებენ როგორც სამომავლო სწავლის ხარჯებს, ასევე, არჩეული პროფესიის უპირატესობებს და უნივერსიტეტების რეიტინგებს.
„კომპიუტერულ მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხი იტალიაში მივიღე. ლიეტუვაში ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხის შემოთავაზება სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო მიმზიდველი იყო. Მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა გვთავაზობს ასეთ პროგრამებს. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი ამბობს, რომ ეს ევროპის სილიკონის ველია“, - ამბობს ლიბანელი სტუდენტი ჯად კაედბეი.
„მე ვეძებდი უნივერსიტეტს ევროპაში. მექატრონიკის შესწავლა მინდოდა. საუკეთესო შეთავაზება აქ მივიღე - სწავლის საფასურის სრული დაფინანსება. ასევე მინდა ახალი რაღაცების მოსინჯვა, აქამდე არასდროს მიფიქრია ლიეტუვაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება სახალისო იყოს,“ - განმარტავს ხუან კარლოს ესპინოზა, სტუდენტი გვატემალადან.
თუმცა, უცხოელი სტუდენტები ლიეტუვაში სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობის გაგრძელებაზე საუბარს ფრთხილობენ.
„თუ იარსებებს შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ დავრჩები. Მაგრამ, ჩემი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და რაც შეიძლებად მეტად განვვითარდე ,“ - ამბობს თურქი სტუდენტი კადირ ბათუჰან საიანი, რომელიც ბიზნესის მენეჯმენტს კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს.
„განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდის” მიერ გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლიეტუვაში უცხოელი სტუდენტების თითქმის ნახევარს სურს მუშაობა, მაგრამ, ადგილზე დასაქმების ყველაზე დიდი დაბრკოლება ენობრივი ბარიერია.
უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტების მხოლოდ მცირე რაოდენობა იწყებს ლიეტუვაში მუშაობას. მათმა უმეტესობამ მუშაობა სწავლის დროს დაიწყო ან ოჯახი ჰყავთ ლიეტუვაში.
„ლიეტუვაში სამუშაოდ და საცხოვრებლად დაახლოებით 5-7 პროცენტი რჩება, რაც ძალიან მცირე რიცხვია. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამბიციაა გავზარდოთ ეს რიცხვი და ხელი შევუწყოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ლიეტუვაში დარჩენას მას შემდეგ რაც ისინი აქ სწავლას დაამთავრებენ,“- ამბობს ინდრე ბალტრაიტე, „განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდის” წარმომადგენელი.
მთავრობა გეგმავს სასტიპენდიო პროგრამების დანერგვით და ინტეგრაციისა და ლიეტუვური ენის ლექციების შემოღებით მეტი სტუდენტი წაახალისოს და ქვეყანაში დარჩენაში დაარწმუნოს.
ამჟამად, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად 100 სტიპენდიას გასცემს უცხოელებზე, რომლებსაც ლიეტუვაში მაგისტრატურის საფეხურზე სურთ სწავლის გაგრძელება.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი