ხუთშაბათს, 13 თებერვალს, ლატვიის პარლამენტმა შესაბამის კომიტეტს განსახილველად წარუდგინა ტურიზმის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ტურისტული სერვისის პროვაიდერებს რუსეთსა და ბელარუსში ტურისტული მომსახურების შეთავაზება და მიწოდება აეკრძლებათ.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 15-მა თავი შეიკავა.

როგორც კანონპროექტის ინიციატორი, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ერთობა“ განმარტავს, ცვლილებების მიზანია რუსეთსა და ბელარუსში ლატვიის მოქალაქეების უფლებების დარღვევის რისკების შემცირება, ასევე მათი შესაძლო გადაბირების თავიდან აცილება.

საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ლატვიაში რეგისტრირებულ ყველა ტურისტული სერვისის პროვაიდერს.

პარტია „ახალი ერთობა“ აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ტურისტული სერვისების მიწოდების აკრძალვა ამ ქვეყნების წინააღმდეგ უკვე მოქმედი საერთაშორისო სანქციების ფარგლებში დაწესდება და ამით თავიდან იქნება აცილებული ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებმაც შეიძლება აგრესია გამოიწვიოს ან ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდეს.

„რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურობა ამჟამად უსაფრთხოების სფეროს განეკუთვნება, რაც პრობლემებს უქმნის ტურისტებს და შესაბამის სამსახურებს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტუროპერატორებმა გააგრძელონ გასართობი მოგზაურობის ორგანიზება და ჩვენი მოქალაქეები ავტობუსებით გადაიყვანონ ქვეყნებში, რომლებიც ლატვიის ოკუპაციის სურვილის გამოხატვას არ ერიდებიან. გასულ წელს რუსეთსა და ბელარუსში ლატვიის 30-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, ჩვენ კი ამ ქვეყნებში თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული გვაქვს“.

„ასევე ვერ შევეგუებით ჩვენი მოქალაქეების გადაბირებას. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს არა მხოლოდ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ შესაძლო საფრთხეებისა და ზიანის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს „ახალი ერთობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, დეპუტატი გატის ლიეპინში.

როგორც ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSB) 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ არ გამგზავრებულიყვნენ რუსეთში, 2024 წელს ამ ქვეყანაში მოგზაურთა რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ აგრესორ ქვეყანას თვეში, საშუალოდ, ლატვიის 2 000 მოქალაქე სტუმრობდა.

წყარო: 1tv.ge