რომელია ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულებები ქართველი მოგზაურებისთვის და ძირითადად რამდენ დღიან კრუიზებზეა მოთხოვნა. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „კრუიზერის“ დირექტორმა, ანა კირკიტაძემ ისაუბრა.
„ყველაზე აქტუალური მაინც არის მიმართულებები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქალაქებიდან და პორტებიდან. ეს იმიტომ, რომ ფრენა უფრო მარტივია და მარშრუტებიც ევროპის ქალაქებს მოიცავს. არის ტურები - ბარსელონიდან, რომიდან. ასეთი ტიპის კრუიზებზე უფრო მეტი მოთხოვნადია, რადგან ბარსელონაში და რომში ჩაფრენა ქუთაისიდან იოლია. გარდა ამისა, როცა არასეზონია ევროპაში, ზამთრის თვეების განმავლობაში, აბუ-დაბიდან, დუბაიდან გასვლაზეა მოთხოვნა.
უმეტესად ყველა ტური 7-ღამიანია და წრიულად მოძრაობენ გემები. მაგალითად, ბარსელონიდან თუ გადის, ისევ ბარსელონაში ბრუნდება. თუმცა, არის პერიოდები, სეზონის დასაწყისში და სეზონის ბოლოს, როცა რელოკაციას აკეთებს გემი, მაშინ უფრო ხანგრძლივი ტურებიც იგეგმება და ასეთი ტურები უფრო მრავალფეროვანია. ზოგადად, ამ 7 ღამიდან 5-6 პორტში მაინც შედის ხოლმე ლაინერი და მგზავრები ერთ დღეს მთლიანად გემზე ატარებენ. ხშირ შემთხვევაში, მთელი დღის ზღვაში გატარება უფრო სასიამოვნოა ხოლმე, რადგან მგზავრებს ძალიან ბევრ აქტივობას სთავაზობს გემი. ლაინერი დაახლოებით 4000-დან 7000 მგზავრამდე იტევს. ამის ნახევარი კიდევ მომსახურე პერსონალია და დაახლოებით 10 000 ადამიანია გემზე,“
ანა კირკიტაძის თქმით, კრუიზის ფასები სეზონის მიხედვით განსხვავდება.
„საშუალო სეზონზე - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, შიდა (2-ადგილიან) კაიუტას 800-1000 ევროს ფარგლებში ვჯავშნით, ილუმინატორიანი 300-400 ევროთი მეტი გამოდის, კიდევ 300-400 ევროთი მეტი ღირს აივნიანი კაიუტა და 200-250 ევროს ფარგლებში ემატება ავიაბილეთის ფასი.
რაც შეეხება აბუ-დაბიდან კრუიზებს, რამდენიმე დღე ლაინერი დუბაის პორტში, მარინაზე დგას და ფაქტობრივად მოძრავი სასტუმროა 3 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის კრუიზებზე და ავიაბილეთიც უფრო იაფია, ვიდრე ევროპის მიმართულებაზე. Wizziar-იც დაფრინავს აბუ-დაბიში და შეიძლება 300 ლარად იყიდო ორმხრივი ბილეთი და კრუიზი 2 ადამიანზე 800 ევროდ დაჯავშნო. ეს ლაინერი შედის ხოლმე ომანის და კატარის პორტში.“- აღნიშნა ანა კირკიტაძემ.