„გვაქვს განუვითარებელი საკურორტო ზონები, როგორიც არის მაგალითად, ბახმარო. იმედი მაქვს, ბახმაროს მაინც შევინარჩუნებთ და არ დაემართება ის, რაც გოდერძის დაემართა. ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ კურორტზე არასწორი ჩარევები მოხდა, ვგულისხმობ, განაშენიანების კუთხით, გოდერძიზე რაც მივიღეთ. მაგალითად, კორპუსების მშენებლობა ძალიან ცუდია და დაამახინჯა იქაურობა“,- ამის შესახებ „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პლიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ცნობისთვის, მთავრობა კურორტების განვითარების მასშტაბურ, 5-წლიან სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომელზეც ბიუჯეტიდან 1 მლრდ ლარი დაიხარჯება.
„საქართველოში აბსოლუტურად ყველა კურორტს პრობლემა აქვს. ეს არის მდგრადი განვითარების გეგმების არარსებობა. პირველი - განაშენიანება, მეორე - კეთილმოწყობა, მესამე - ინფრასტრუქტურული განვითარება. ამის გეგმა არ არსებობს და ამორფულად ვითარდება ყველა კურორტი. ასევე, გვაქვს განუვითარებელი საკურორტო ზონები, როგორიც არის მაგალითად, ბახმარო. იმედი მაქვს, ბახმაროს მაინც შევინარჩუნებთ და არ დაემართება ის, რაც გოდერძის დაემართა. ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ კურორტში არასწორი ჩარევები მოხდა, ვგულისხმობ, განაშენიანების კუთხით, გოდერძიზე რაც მივიღეთ. მაგალითად, კორპუსების მშენებლობა ძალიან ცუდია და დაამახინჯა იქაურობა. პირველადი განვითარების გეგმა აბსოლუტურად სხვანაირი იყო და შედეგად მივიღეთ სხვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბახმაროში ანალოგიური არ მოხდება. და, სავარაუდოდ არ მოხდება, იმიტომ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მთავრობა როგორც მუშაობს ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან, წლები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ ფიზიკურად არ აქვს ამ მთავრობას იმდენი დრო, რომ ეს ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს.
დღესდღეობით ყველაფერი აბსტრაქტულია და პირველი შედეგი, რასაც ველოდებით, ეს იქნება წყალტუბოში 200 მლნ-მდე ლარის დახარჯვის გეგმა და მეორე, რაღაც კურორტებს ალბათ, სელექციურად აირჩევენ და მათთვის განვითარების გეგმა დაიდება.