2024 წლის I კვარტალში დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან და ინდოეთიდან იყო, - ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია საუბარი. რომლის მიხედვითაც რუსი ტურისტების წილმა 30% შეადგინა, ინდოელების - 28%. ამას გარდა, საქართველოს სტუმრობდნენ - პოლონეთიდან (12%), ისრაელიდან (12%) და ყაზახეთიდან (9%).

PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ 10%-ით ჩამორჩება 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ პანდემიამდელ დონეს.

2019 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივ ვიზიტორებს საერთაშორისო ვიზიტორები სჭარბობდნენ, გარდა 2020  წლისა,  როდესაც  მათი  რიცხვი  კოვიდ-19  პანდემიის გამო შემცირდა. 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა მთლიანი ვიზიტების 58% შეადგინეს.

2021 წლიდან მოყოლებული, როგორც  შიდა,  ასევე  საერთაშორისო  ვიზიტები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე  განხორციელებულმა  ვიზიტებმა  ჯამურად  61  ათასს  მიაღწია, რაც  ოდნავ  აღემატება  2023  წლის  I  კვარტალის  მაჩვენებელს, თუმცა  ჩამორჩება 2019 წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ რიცხვს.

2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (26%) და თბილისის ეროვნულ პარკს (16%) ესტუმრა.

დაცულ  ტერიტორიებზე  ვიზიტები  მნიშვნელოვანი  სეზონურობით  ხასიათდება. კერძოდ, III კვარტალში დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს (საშუალოდ წლიური ვიზიტების 50%-ზე მეტი), I კვარტალში კი - ყველაზე ნაკლები (საშუალოდ მხოლოდ 7%), -  ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.