2024 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი -  21%  იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი, რასაც მოსდევდა თურქეთი 15%-ით, - ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. თუმცა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის  მიხედვით, ყველაზე  მაღალი  მაჩვენებელი  ევროკავშირსა (ვიზიტზე 1,535  აშშ დოლარი) და ისრაელს (1,405 აშშ დოლარი) ჰქონდათ.

მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საერთაშორისო  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 2%-ით, ხოლო პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებასა (მთლიანი დანახარჯების 27%) და საყიდლებში (20%). აღსანიშნავია, რომ დანახარჯებში განთავსებისა და საყიდლების განაწილება  2023  წლის  I კვარტალის განაწილების მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, დანახარჯებში  დასვენების  წილი  7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო საკვებისა და სასმლის წილი 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მოგზაურობისა  და  ტურიზმის  მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 12.7 მილიარდ ლარს მიაღწევს (8.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), - ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.