2024 წლის  I  კვარტალში  საქართველოში  ყველაზე  მეტი  ვიზიტი  თურქეთიდან  და რუსეთიდან განხორციელდა - ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ.

2020 წლის I კვარტალის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად  მიაღწია  2019  წლის  I  კვარტალში  დაფიქსირებულ  პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2024  წლის  I  კვარტალში  საქართველოში  ყველაზე  მეტი  ვიზიტი  თურქეთიდან განხორციელდა  (ვიზიტების  საერთო  რაოდენობის  19%),  რომელსაც  მოსდევდა რუსეთი  (16%).  აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა რუსეთიდან (16%-ით) და უკრაინიდან (23%-ით) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა  ინდოეთიდან  (44%),  ყაზახეთიდან  (40%)  და  აზერბაიჯანიდან  (28%) განხორციელებული ვიზიტების რიცხვი.

იმ 10 ქვეყნიდან, საიდანაც 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, 5-მა ქვეყანამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს.

განსაკუთრებით შესამჩნევი აღდგენა შეიმჩნეოდა ბელორუსიიდან (263%) და ყაზახეთიდან (259%) განხორციელებულ ვიზიტებში.

2024  წლის  I  კვარტალში  საქართველოში  საერთაშორისო  ვიზიტების  საშუალო ხანგრძლივობა, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, 6-დან 5.5 ღამემდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდელ რიცხვს (3.7 ღამე) კვლავ აღემატება, - ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.