Georgian Wings-ის პირველ საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიებას კიშინაუში, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქართული ტრადიციების შესაბამისად აორგანიზებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან კიშინაუს მიმართულებით პირველ სამგზავრო რეგულარულ ფრენას შეასრულებს.

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

მოლდოვას საერთაშორისო აეროპორტში Georgian Wings-ის პირველი საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიება დაგეგმილია მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიერ, ქართული და მოლდოური ტრადიციების შესაბამისად.

,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დიდმა დაინტერესებამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება თბილისი-კიშინაუ-თბილისის საჰაერო ხაზზე 20 თებერვლიდან, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს შევასრულოთ სამგზავრო რეგულარული ფრენები. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ ორმხრივად, როგორც ტურიზმი, ასევე ბიზნესი'', - აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

ავიაკომპანია, აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, დამატებით ახალი სამგზავრო რეგულარული რეისების დანიშვნის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 2023 წლის ივლისის თვიდან ასრულებდა სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმის, თბილისი-ბაქოს მიმართულებით.