„2023 წლის ბოლოს მოლოდინები არ გამართლდა და გამყვან ტურებზე მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა 2024 წლის იანვრის ბოლოდან როგორც ვვარაუდობდით სექტორი გააქტიურდა და მომხმარებლის მხრიდან ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით საბოლოო ჯამში 2023 წელი ცუდი არ იყო. 

„ზოგადად ტურიზმის სექტორში არის ხოლმე პერიოდები, როდესაც მოთხოვნა იზრდება ან იკლებს, იდეაში მოლოდინი გვქონდა, რომ ზამთრის მიმართულებებზე უფრო დიდი მოთხოვნა გვექნებოდა, თუმცა 2023 წელს საბოლოოდ პროგნოზი არ გამართლდა 2024 წლიდან ქართველებმა ნელ-ნელა დაიწყეს  ჯავშნების გაკეთება, რაც გვახარებს.

თუ რომელი მიმართულებაა პოპულარული ამის გამოყოფა რთულია და აბსოლუტურად დამოკიდებულია სეზონზე, პირობითად იანვრის დასაწყისიდან მოთხოვნა  ძირითადად  საგაზაფხულო ტურებზეა, რომელიც მოიცავს ევროპის სხვადასხვა ქალაქებს. ასევე პოპულარულია აზიის მიმართულებები, როგორც არის ზანზიბარი, მალდივის კუნძულები და ა.შ. ზაფხულის მიმართულებებში ლიდერია საბერძნეთის  კუნძულები და ესპანეთი,“ - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა. 

გოგა ქუცნიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ავიაბილეთების ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და საგაზაფხულო მიმართულებებზე საკმაოდ მაღალი ფასები ფიქსირდება. მისივე თქმით ეს საბოლოო ჯამში ტურებს აძვირებს. 

„რაც შეეხება სასტუმროებს, ამ მიმართულებით იდენტური მდგომარეობაა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე მიმართულებას, როგორც არის  იტალია, სადაც სასტუმროს ბიუჯეტი ძალიან გაზრდილია, რადგან ქვეყანაში დაწესებული რეგულაციით სასტუმროებს დამატებითი გადასახადის გადახდა უწევთ, რაც ფასზე აისახება. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გასული წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით ევროპის მიმართულებებზე 15-20%-იანი ზრდა ფიქსირდება. 

ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის  ბაზარზე შემოსვლა და ნებისმიერი ახალი მიმართულებით ფრენების დამატება ტურიზმის სექტორისთვის ბენეფიტია, მაგალითად ერთ-ერთი ავიაკომპანიაა „ინდიგო“, რომელიც ინდოეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებს, ახალი შესაძლებლობაა ქართველი დამსვენებლებისთვის, რაც ასევე  დამსვენებლების ინტერესს ზრდის ინდოეთის მიმართ. „ინდიგო“ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც არა მარტო ინდოეთის, არამედ ინდოეთის გავლით აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მიფრინავსმ რაც დამატებით კომფორტს გვაძლევს, რომ ქართველ დამსვენებელს კარგი შეთავაზება გავუკეთოთ.“ - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.