2024 წლის იანვრიდან მარტამდე დუბაიმ 5,18 მილიონი საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4,67 მილიონი) შედარებით 11%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

გასულ წელს დუბაის რეკორდული რაოდენობის, 17,15 მილიონი ტურისტი ეწვია. ქალაქის ტურისტულმა ინდუსტრიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდა განაგრძო. აღნიშნული ზრდა დუბაის ეკონომიკურ პროგრამას D33  შეესაბამება, რომლის მიზანი ქალაქის, როგორც ბიზნესისა და დასვენებისთვის  წამყვანი  დანიშნულების ადგილის გლობალური მასშტაბით განმტკიცებაა.

დუბაის მიღწევებმა  მსოფლიო აღიარება პოვა:  2024 წლის დასაწყისში ქალაქმა, ზედიზედ მესამედ დაიკავა პირველი ადგილი  Tripadvisor Travelers’ Choice Awards მოგზაურთა რეიტინგში.

2024 წლის პირველ კვარტალში უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა დუბაის სტრატეგიას უკავშირდება, რაც  ტურიზმის დარგის მთავარ ასპექტებზე: მდგრადობაზე, ხელმისაწვდომობაზე, მეწარმეობასა და ინოვაციაზეა ფოკუსირებული.

ტურისტების რაოდენობის ზრდას სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. ქალაქმა რამდენიმე მთავარ დარგობრივ ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის Arab Health, Gulfood და ნავების საერთაშორისო შოუს; გაიხსნა ახალი სასტუმროები: The Lana, Dorchester Collection-ის  პირველი ობიექტი ახლო აღმოსავლეთში; SIRO One Za’abeel, დუბაის პირველი ფიტნეს სასტუმრო; Marriott Marquis Dubai და Hilton Dubai Creek Hotel & Residences. დუბაის მრავალფეროვანი შეთავაზებები  სხვადასხვა შემოსავლისა და პრეფერენციების მქონე მოგზაურთა საჭიროებებს აკმაყოფილებს, ხოლო ქალაქის უბადლო ინფრასტრუქტურა, უნაკლო სერვისი და ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ტურისტული ინდუსტრიის მუდმივ განვითარებას განაპირობებს.

„დუბაის მმართველის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის წინდახედული ხელმძღვანელობითა და დუბაის ეკონომიკური პროგრამის D33 ამოცანების შესრულების დამსახურებით, ქალაქი მზადაა გააფართოოს ტურისტული შეთავაზებები და აამაღლოს სტანდარტები. ინოვაციური ინფრასტრუქტურით და ატრაქციონების მეშვეობით, 

ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან გლობალურ კამპანიებს, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან  და  ფართო აუდიტორიისთვის  დუბაის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც საერთო ხედვას იზიარებენ და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფენ, დუბაი სულ უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება როგორც მოსანახულებლად, ისე საცხოვრებლად და სამუშაოდ. მოუთმენლად ველით, რომ  ტურიზმის წარმატებული განვითარება ზაფხულის სეზონზე და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ისამ ქაზიმმა, დუბაის კორპორაციის ტურიზმისა და კომერციის მარკეტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა (DCTCM).

საკვანძო ტურისტული ბაზრები

80-ზე მეტ ბაზარზე, მათ შორის ძირითად ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე  წარმატებული სტრატეგიული  ნაბიჯებით, დუბაი ტურიზმის სექტორში  ლიდერობას ინარჩუნებს:

იანვარი-მარტის პერიოდში დასავლეთ ევროპის რეგიონი ტურისტების ძირითადი წყარო იყო, 1,138 მილიონი ვიზიტორი (მთლიანი 22%). მას მოსდევს სამხრეთ აზია (869 ათასი ვიზიტორი, 17%), დსთ-ს ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა (817 ათასი, 16%). რეგიონის მასშტაბით, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) ქვეყნები მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან, შესაბამისად 664 ათასი (13%) და 605 ათასი (12%) ვიზიტორი. ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან  დუბაიში  470,000 ვიზიტი დაფიქსირდა (9%), შემდეგ მოდის ამერიკა (344,000, 7%), აფრიკა (202,000, 4%) და ავსტრალაზია (70,000, 1%).

სასტუმრო სექტორი და ოთახების დატვირთულობა

მიმდინარე წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში დუბაიში სასტუმროების დატვირთულობის (Occupancy) მაღალი კოეფიციენტი (83%) შენარჩუნდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში სასტუმროს ნომრების ოდენობა  2%-ით, 152000 ნომრამდე გაიზარდა. დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა გაიზარდა 2%-ით 11.2 მილიონამდე, წინა წლის 10.98 მილიონთან შედარებით.

სასტუმროს საშუალო დღიური განაკვეთი (ADR), გაიზარდა 638 AED-მდე, 5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო საშუალო შემოსავალი თითო ხელმისაწვდომ ნომერზე (RevPAR) გაიზარდა 4%-ით და 527 AED-მდე, გასულ წელს 504 AED-დან.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქალაქის სასტუმროები მნიშვნელოვანი დატვირთულობით წარმატებით ინარჩუნებენ კონკურენტულ ფასებს და მაღალ შემოსავლებს. ხელმისაწვდომი ნომრების რაოდენობა დუბაიში მარტის ბოლოსთვის 152,162-მდე გაიზარდა (2023 წლის მარტთან შედარებით 148,877), ხოლო სასტუმრო კომპლექსების რაოდენობა 814-დან 832-მდე გაიზარდა.

იანვრიდან მარტამდე პერიოდში ხუთვარსკვლავიან და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში ოთახების საერთო რაოდენობამ  96484-ს მიაღწია და შთამბეჭდავი ნიშნული, ქალაქის მთლიანი სასტუმროების 64% შეადგინა. ოთახების დატვირთულობის  საშუალო მაჩვენებელი 81%-დან 84%-მდე მერყეობდა. ერთი, ორი და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროები  ბაზრის 19%-ს შეადგენდნენ (29100 სასტუმრო ნომერი) შთამბეჭდავი, 82% -იანი დატვირთულობით. სასტუმროს აპარტამენტების სეგმენტს პირველი კვარტლის ბოლოს სულ 26,578 ნომერი ჰქონდა, საშუალო დაკავებულობის კოეფიციენტი მაღალ ნიშნულამდე 84%-დან 85%-მდე ნარჩუნდებოდა.

ეკოლოგიური ინიციატივები

დუბაი  მდგრადი განვითარების  გლობალური და ეროვნული მიზნების ერთგულ მხარდამჭერად რჩება. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი იმ პროგრამებითა და პროექტებით, რომლებიც ქალაქის გარემოსდაცვით სტრატეგიას ასახავს,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში.  ერთ-ერთმა ასეთმა პროექტმა, Dubai Can-ის კამპანიამ „Refill for Life“, ორ წელიწადში 500 მლ-ანი პლასტმასის ბოთლების გამოყენება 18 მილიონით შეამცირა. Dubai Can-ის პროგრამის მეორე პროექტი Dubai Reef -მსოფლიოში უდიდესი საზღვაო რიფების მშენებლობა, რეგიონში თევზის მარაგებისა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების გაზრდას ისახავს მიზნად.

მეწარმეობის სტიმულირება

მეწარმეობის ხელშეწყობა  ინვესტიციების, ინოვაციების და ტალანტის მოზიდვის გზით ტურიზმის სფეროში ახალ შესაძლებლობებს ხსნის.  დუბაის ტურიზმის კოლეჯი (DCT), პროფესიული გადამზადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით ტურისტული სექტორში კვალიფიციური პერსონალის განვითარებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, დუბაი  ხელსაყრელ პირობებს უქმნის დამწყებ მეწარმეებს.  მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა დამწყები მეწარმეებისთვის  ფინანსურ მხარდაჭერას, სწავლებას და რესურსებს უზრუნველყოფს, ხოლო Intelak Hub ტურიზმის, მოგზაურობისა და ავიაციის სექტორებში სტარტაპებისთვის რეგიონური ჰაბი  ხდება.

დუბაი  დასვენებისა და გართობის გლობალური ცენტრი

დუბაის მუდმივად განვითარებადი გასტრონომიული პოტენციალი  ქალაქის ტურისტული სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. დუბაი ცნობილია, როგორც გასტრონომიის გლობალური კერა, სადაც 18 ადგილობრივი რესტორანი  2024 წლისთვის პრესტიჟულ MENA 50 საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვდა, მათგან ოთხმა პირველი ოთხი ადგილი დაიკავა.

საკრუიზო სექტორის აქტიურ განვითარებას, ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დუბაისთვის. მიმდინარე წლის მარტში, საზღვაო ტრანსპორტისა და ტურიზმის  რეგიონულმა სახელისუფლებო ორგანოებმა Cruise Arabia Alliance-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე სპარსეთის ყურის, როგორც საკრუიზო დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას  ისახავს მიზნად.  თანამშრომლობა  ტურისტებისთვის საკრუიზო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ერთობლივ მუშაობას, ახალი საკრუიზო გემების მოზიდვას, პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და საკრუიზო ტურიზმის სექტორში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ითვალისწინებს. დუბაი მნიშვნელოვან როლს ასრულებს Cruise Arabia ალიანსში და ინტეგრირებული და ურთიერთდაკავშირებული რეგიონული საკრუიზო სერვისების შესაქმნელად აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან.

ახალი ატრაქციონებითა და ღონისძიებებით, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს, დუბაი, როგორც გლობალური დასასვენებელი და გასართობი ადგილი – თავისი რეპუტაციის გაძლიერებას განაგრძობს. ერთ-ერთი უახლესი მნიშვნელოვანი მოვლენა მადრიდის რეალის თემატური პარკის გახსნა იყო. პარკი პირველია, რომელიც ცნობილი საფეხბურთო კლუბის ეგიდით ფუნქციონირებს. ეს დუბაის ტურიზმის დეპარტამენტსა და მადრიდის რეალს შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული გრძელვადიანი შეთანხმების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც ორივე ორგანიზაციის განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს  ხსნის და დუბაის ეკონომიკური პროგრამის D33 მიზნებს უჭერს მხარს.

ამავდროულად, დუბაის ფესტივალებისა და საცალო ვაჭრობის დაწესებულება (DFRE) ქალაქის ზოგიერთ უდიდეს ყოველწლიურ ღონისძიებას მართავს, მათ შორის დუბაის სავაჭრო ფესტივალს, ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალს და სხვ.

წყარო: avianews