საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში ITB China 2025. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 30-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო იბის სთაილს თბილისის, თბილისი ფილარმონია მერკურისა და თბილისი საბურთალო მერკურის ბრენდის წარმომადგენელი ბაჩანა ბერიკაული.
„ეს ჩვენი პირველი წარდგენაა ჩინეთის ბაზარზე, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია პირველ რიგში ადამიანურ და კულტურულ დონეზე. ამასთან, ვხედავთ დიდ პოტენციალს ბიზნესის მიმართულებით, როგორც სასტუმრო ინდუსტრიაში, ისე ქვეყნის ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩინელი ტურისტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებაში“- აცხადებს ბაჩანა ბერიკაული.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს