1 მაისიდან Bioli Medical Wellness Resort-მა სტანდარტული მუშაობა განაახლა, ველნეს კომპლექსი მომხმარებელს რამდენიმე სიახლით ხვდება, როგორც „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ უთხრა, პირველ ეტაპზე „ბიოლმა“ კოტეჯები განაახლა, რომელსაც სახურავზე თავისი სივრცე ექნება მოწყობილი.
„რომ ვთქვა რომ ყველაფერი მოვასწარი, მოგატყუებთ, პირველ ეტაპზე სივრცემდე მოსასვლელი გზა მოვაწესრიგეთ და ჩვენ სივრცეში არსებული კოტეჯები განვაახლეთ, სახურავზე გავუკეთეთ ბალახი, ასასვლელი კიბე დავამატეთ და კოტეჯს სახურავზე თავისი პატარა სივრცე ექნება, ლაუნჯის სახურავზეც აიყვანეთ კიბე, დავამატეთ სამზარეულო, ანუ ორი სამზარეულო გვექნება და ორი რესტორანი იმუშავებს ბიოლში,“ - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
რაც შეეხება განვითარების მეორე ეტაპს, მჭედლიძე ამბობს, რომ სივრცეს დაემატება 4 ახალი კოტეჯი, ტბა და ტბის გარშემო სამი შალე და სამი ველნეს კოტეჯი განთავსდება.
„ეს ყველაფერი სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს დაემატება, დიდი 150 მეტრიანი ტბა სუფთა წკრიალა წყლით იქნება, ასევე საახალწლოდ ვგეგმავ დიდი გადასახური აუზის გაკეთებას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ ღია აუზად გადაკეთდეს“ - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში „ბიოლი“ დროებით მხოლოდ საივენთო მომსახურებაზე გადავიდა და დასასვენებელი კომპლექსის განახლება დააანონსა.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.