ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა.
პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორიცაა მელბორნი, ოსლო, ჟენევა, მიუნხენი, ასპენი, ბეიჯინი და ვისლერი.
ჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ბათუმის ასეთი მასშტაბის აღიარება ტურისტულ ინტერესს ქალაქისადმი გააძლიერებს, რაც მის შემოსავლებში ითარგმნება.
ცნობისთვის, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია.
შეგახსენებთ, World Travel WAwards-ზე აჭარამ ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმმა კი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.
ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი" ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა.
World Travel Awards-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.