„ამაყი ვარ ჩემი გუნდით, სტაბილურად და ხარისხიანად რომ ვატარებთ მსოფლიო თასებს - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვადევნებენ თვალს, მათ შორის, გადაიცემა ,,ევროსპორტით”, - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შეჯიბრის დასრულებისას ძალიან კარგი შეფასებები, წამოვიდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან და ათლეტებისგან.
„შესანიშნავი დღე იყო, გვყავს ფინალისტები, როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში. ტრასა, მომზადება ყველაფერი იდეალური იყო. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. ძალიან კარგი შეფასებები წამოვიდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან და ათლეტებისგან. ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ასე სტაბილურად და ხარისხიანად რომ ვატარებთ მსოფლიო თასებს, რაც დაგეგმილი იყო.
ვიმედოვნებ, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევნებენ თვალს, მათ შორის, გადაიცემა “ევროსპორტით”. კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გაგვიცნობს, თუ როგორი კურორტები გვაქვს სპორტის და რეკრეაციის მიმართულებით. რამდენიმე წლიანი სერია წარმატებას მოუტანს ქვეყანას ტურისტების კუთხით, ასევე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს ყოველ წელს ჩავატაროთ მსოფლიო თასის ჩემპიონატები”, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
დღეს და ხვალ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.