მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. ღონისძიების მონაწილე  უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს.

 „27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს ერთად კრებს, რაც თავისთავად გამოცდილებებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის მინისტრმა.

27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს