აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-თან  განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელიდან და ასევე, ევროპული მიმართულებებიდან.

„აჭარაში ძალიან აქტიური საზაფხულო, საზღვაო ტურისტული სეზონი გვაქვს.  საერთაშორისო ვიზიტების ნაკადებში გვაქვს მატება, მათ შორის, გერმანიიდან 15%-ით, ლიეტუვა და ლატვიიდან, დაახლოებით, 30%-ით და ასევე, თურქეთიდან. თითქმის ყველა მიმართულებაზე ნარჩუნდება გაზრდილი ნაკადები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა. საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა სეგმენტისთვის ჰქონდეს განსხვავებული ტურისტული პროდუქტები.

რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო ვპოზიციონირებთ როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება - ეს გვაძლევს საშუალებას, რომ საინტერესო ვიყოთ როგორც ბიზნეს-საქმიანი ვიზიტორებისთვის, ისე დასვენების მოყვარულებისთვის", - აცხადებს თინათინ ზოიძე.