აჭარის რეგიონმა დატვირთული და აქტიური საზაფხულო ტურისტული სეზონი დაასრულა, თუმცა საზღვაო სეზონი გრძელდება. რეგიონს სექტემბერშიც უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და პლაჟებზე ხალხმრავლობაა.

ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგიონში 2 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა. ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაზრდილია საერთაშორისო ფრენების რაოდენობა და მგზავრთა ნაკადები, 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ ამ მიმართულებით 31 % შეადგინა.

აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი გადაცემაში „კომერსანტის დილა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეაჯამა. თამარ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემები მზარდი და შთამბეჭდავია.

,,ოთხივე სეზონისთვის რეალურად მიმზიდველი ხდება ჩვენი რეგიონი. საკმაოდ დატვირთული და ცხელი საზღვაო სეზონი გვქონდა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ბათუმის ბულვარში და მთელ სანაპირო ზოლზე ტურისტები ახლაც უხვად არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს მთიანი აჭარა, ამ მიმართულებით ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა ასევე რეკორდულია. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით, მთიანი აჭარის მარშრუტებზე უკვე 203 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით მეტია.“- აცხადებს თამარ კაიკაციშვილი.

ვიზიტორების მიზიდვის მიზნით მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს დამალული მარგალიტია, რომლის აღმოჩენის მიზნითაც საერთაშორისო და ადგილობრივ ვიზიტორებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობენ.

,,ბოლო წლებში ბევრი კეთდება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტში ერთი დიდი მსხვილი პროექტი ხორციელდება და მიზიდულობის ცენტრები იქმნება. მაგალითად, მოეწყო ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი, რომელმაც ასვლა ძალიან გაამარტივა. ასევე ქობულეთში ტორტნარზე კეთდება ტურისტული ბილიკები და მიმდინარეობს სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა. მოეწყო მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ტურისტული ბილიკი. ასევე ჯვარი-მინდორზე მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე სივრცეები.’’- აღნიშნავს თამარ კაიკაციშვილი.

რაც შეეხება უცხოელი ტურისტების წილს - განახლებული სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილი ნაკადები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ევროპიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. აჭარის მიმართ ევროპელი ტურისტების ინტერესის ზრდას ხელს უწყობს მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.

,,ის მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც ჩვენ 25-მდე ქვეყანაში ვაწარმოებთ, გვეხმარება ბაზრების დივერსიფიცირებაში. მინდა გაგიზიაროთ ბოლო დროინდელი სიახლე. ცნობილმა ბრიტანულმა ტურისტულმა პორტალმა ,,Wanderlust’’-მა ბათუმზე სტატია გამოაქვეყნა და ქალაქი თავის ყოველწლიურ ნომინაციების სიაში, ევროპის კატეგორიაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალაქად დაასახელა.’’- განაცხადა ,,კომერსანტთან’’ საუბარში თამარ კაიკაციშვილმა.