2022 წელს შიდა ვიზიტებმა 16.3 მილიარდი ვიზიტი შეადგინა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს, ხოლო პანდემიამდელ რაოდენობას 14.6%-ით აჭარბებს, რაც მიუთითებს შიდა ვიზიტორების მხრიდან ტურისტულ აქტივობებზე გაზრდილი მოთხოვნის შენარჩუნებაზე, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბით. ინფორმაციას PMC Research აქვეყნებს.
PMC Research-ის კვლევის მიხედვით, მონახულებული რეგიონების მიხედვით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო თბილისსა და კახეთში გაიზარდა.
„2022 წელს, ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა მთლიანად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, მას შემდეგ რაც 2020 და 2021 წლებში ვიზიტის ხანგრძლივობის ზრდა შეინიშნებოდა. ვიზიტების უმეტესობის (51%) მთავარი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება, რასაც მოჰყვებოდა მეორე სახლის (მაგ., აგარაკის) მონახულება (12%) და საყიდლები (12%). ძირითად კატეგორიებს შორის პროფესიული ვიზიტები მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 3%-ს შეადგენდა.
შიდა ვიზიტორების ხარჯებმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც აღემატება როგორც წინა წლის (9.8%-ით), ასევე 2019 წლის (61,7%-ით) მაჩვენებელს. 2022 წელს ხარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. მთლიან დანახარჯებში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა საყიდლების (32%), საკვების/სასმლის (23%) და ტრანსპორტის (21%) დანახარჯებმა. აბსოლუტური მაჩვენებლებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები ტრანსპორტის (75.5 მლნ ლარით), განთავსების (43.7 მლნ ლარით ) და საკვების/სასმლის (38 მლნ ლარით) კატეგორიებზე“, — ნათქვამია კვლევაში.