Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის მიერ ავტოიმპორტზე ტარიფების დაწესება ყველაზე მძიმედ Porsche-სა და Mercedes-Benz Group-ზე აისახება. ავტომწარმოებლების პოტენციური ზარალი $3.7 მილიარდს უტოლდება

ტარიფები ევროპული ავტომწარმოებლების აშშ-ის მოგებიან ბაზარზე დამოკიდებულებას უქმნის საფრთხეს. რისკის წინაშე უპირველესად გერმანული კომპანიები დგებიან, რადგან აშშ-ისთვის ავტომობილების უმსხვილესი მიმწოდებელი, მათ შორის, Porsche 911 სპორტული ავტომობილებისა და Mercedes S Class-ის სედანებისაც, სწორედ გერმანიაა.

შეგახსენებთ, ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი გადასახადი ძალაში 3 აპრილიდან შევა, რაც Porsche-სა და Mercedes-ს 2026 წლის საოპერაციო პროგნოზირებულ შემოსავალს, სავარაუდოდ, მეოთხედით შეუმცირებს.

გლობალური ანალიტიკოსების შეფასებით, ზარალის შესამცირებლად კომპანიებს ფასების ზრდა ან წარმოების აშშ-ში გადატანა მოუწევთ.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადების შემდეგ Porsche-სა და Mercedes-ის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე 5.7%-ით დავარდა, BMW-ს აქციები კი 4.9%-ით დაეცა, ხოლო ლონდონში Aston Martin-ის აქციების ღირებულებამ იკლო 8.9%-ით.