ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს. ამის შესახებ კომპანიის „ტენე“ დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი კომპანია „სპარკლოსა“ და „ტენეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

„ტენეს“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით 60-მდე ბოთლიყლაპია აპარატია განთავსებული და სამომავლოდ საქართველოს სრული დაფარვა იგეგმება.

„ჩვენ ბოთლიყლაპია აპარატის პროტოტიპი შევიმუშავეთ. ამის პარალელურად, დუბაიში რეგისტრირებული კომპანია „სპარკლო“ შემოვიდა, რომელიც ჩვენი კონკურენტი იყო და გარკვეული რაოდენობის ბოთლიყლაპია აპარატები დაამონტაჟა. საქმე ისაა, რომ კონკურენციის პირობებში ორივეს პრობლემები შეგვექმნებოდა, ამიტომ კონკურენციის ნაცვლად, გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი შესაძლებლობები და შეგვექმნა სინერგია ბოთლიყლაპია აპარატების განთავსების, ბოთლების შეგროვების და გადამუშავების ნაწილში, რათა ქვეყნისთვისაც და ეკოლოგიისთვის უკეთესი შედეგი დაგვედო.

ჩვენ კომუნიკაციაში და მარკეტინგში საკმაოდ ძლიერი ვართ, ისინი განვითარებულები არიან ტექნიკურ ნაწილში. ტექნიკურად ამზადებენ ამ აპარატებს. ინვესტიციაც დიდი აქვთ, 1 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებენ, ჩვენ უფრო ლოგისტიკური ნაწილი გვეხება. შესაბამისად, სინერგია გადავწყვიტეთ. ერთიანი სახელით ვმოქმედებთ. „სპარკლო" X "ტენე“-ს სახელით.

ქვეყნის მასშტაბით, უკვე 60-ზე მეტი აპარატია დადგმული და გაზაფხულზე 200 ცალზე ავალთ. ამის შემდეგ კიდევ ზრდას ვგეგმავთ“, - ამბობს „ტენეს“ დამფუნძლებელი.

მისი ცნობით, აპარატების დახმარებით მომხმარებელს, ბოთლის ჩაყრის შემდეგ, ქულები ერიცხება. კერძოდ, 1 ბოთლი 10 „სპარკლო“ ქულას ნიშნავს, რომლის გადაცვლაც მათ „ტენეს“ პროდუქტებში შეუძლიათ. ასევე, „სპარკლო X ტენე“ სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა მომხმარებლებმა ქულები სხვა პროდუქციაშიც გადაცვალონ.

რაც შეეხება აპარატებში შეგროვებულ ბოთლებს, მათ თბილისთან ახლოს, წეროვანში მიიტანენ, სადაც ბოთლებს დაპრესენ და ამ ეტაპზე ასაწყობებენ, ვინაიდან პროდუქციის ფასი დაცემულია.

ცნობისთვის, ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენე“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გასული წლის დასაწყისში კი კომპანიამ საწარმო წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30-მდე დევნილს ასაქმებს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციამ 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის ხელშეწყობით. „ტენეს“ საწარმოში დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი Amazon-ის საშუალებით აშშ-ში გადის ექსპორტზე.

წყარო: bm.ge