,,ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, რომ სრულიად ჩაანაცვლოს ტურისტული ოპერატორები, თუნდაც ტურისტული გიდები’’ - აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში აიტი სპეციალისტი გიგი მჭედლიშვილი. ის ჩვენთან იმ უსაზღვრო შესაძლებლობებზე საუბრობს, რასაც ხელოვნური ინტელექტი მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს. გიგი მჭედლიშვილი განმარტავს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებს დამოუკიდებლად მოგზაურობის დაგეგმვა არ შეეძლოთ ან ამისთვის საჭირო დრო არ ჰქონდათ, რის გამოც ისინი ტურისტულ სააგენტოებს მიმართავდნენ. თანამედროვე ეპოქაში კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ტურისტულ სექტორშიც.
,,სავსებით შესაძლებელია ხელოვნურმა ინტელექტმა სრულად დაგიგეგმოს მოგზაურობა. ერთადერთი ხელოვნური ინტელექტი რასაც ვერ გააკეთებს არის ის, რომ თქვენს მაგივრად ვერ იყიდის ბილეთს და ვერ დაჯავშნის სასტუმროს, მაგრამ დეტალურად გირჩევთ სად შეხვიდეთ, რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა დაჯავშნოთ, როგორ გადაიხადოთ. მათ შორის გეტყვით დეტალურად რა უნდა გააკეთოთ მოგზაურობის დროს. ჩამოგიწერთ დღეების მიხედვით რა გააკეთოთ. ხელოვნური ინტელექტი გეუბნება რისი ნახვა შეიძლება, რას უნდა უფრთხილდეთ, საერთოდ რა წესები უნდა დაიცვა იმ ქვეყანაში. გასწავლის ელემენტარული სიტყვების თქმას. მაგალითად გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა. როგორ უნდა გამოთქვა კონკრეტული სიტყვა მაგასაც გეუბნება. რეალურად ლიმიტი თითქმის აღარ არსებობს, თუ რამდენად შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო. მთავარია სწორი კითხვები დაუსვათ და ისიც მაქსიმალურად სწორ პასუხებს გაგცემთ. ძალიან სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი. მომავალი წლიდან გაცილებით ბევრი ინდუსტრია გადავა ხელოვნურ ინტელექტზე და საგრძნობლად შეიცვლება ბევრი რამ.’’- აცხადებს გიგი მჭედლიშვილი.
აიტი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მნიშვნელოვანი გავლენა ჯერ არ მოუხდენია, თუმცა მისი განვითარების პარალელურად ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. გიგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით იხვეწება. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ მან ქართული გრამატიკის დახვეწა რამდენიმე თვეში შეძლო, რაც მომხმარებელს კომუნიკაციას უმარტივებს. აიტი სპეციალისტი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებელთა ზრდას მის სიმარტივესთან ერთად ისიც განაპირობებს, რომ ის უფასოა.
,,ახლა დაიწყო ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის გაუმჯობესება. უკვე გრამატიკულად სწორად გესაუბრებათ ქართულ ენაზე და შესაბამისად, უფრო მარტივია მასთან კომუნიკაცია. თუნდაც ასაკოვანი ადამიანებისთვის. მათთვისაც მარტივი გახდა კომუნიკაცია ხელოვნურ ინტელექტთან. რაც შეეხება მოგზაურობას, იყო პერიოდები როდესაც ხალხს ეზარებოდა რაიმეს დაჯავშნა და თანხას უხდიდნენ ტურისტულ აგენტებს და ისინი უკეთებდნენ სრულად ყველაფრის დაჯავშნას - რა უნდა ენახათ და რა უნდა გაეკეთებინათ იმასაც ტურისტული აგენტი წერდა. ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი სრულიად უფასოა და შესაბამისად იძლევა საშუალებას რომ სრულიად ჩაანაცვლოს ტურისტული ოპერატორები. ტურისტული გიდებიც რომ ჩაანაცვლოს ესეც შესაძლებელია. ზოგ ქვეყანაში ძალიან იაფია მათი მომსახურება და 3 დოლარად შეგიძლიათ გიდი აიყვანოთ და ნახევარი ქალაქი მოგატაროთ და ისტორიებს მოგიყვეთ. თუმცა, ესეც უკვე შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. მიდიხარ დანიშნულების ადგილას, სადაც გირჩევს რომ მიხვიდე და შემდეგ შეუძლია დეტალურად მოგიყვეთ ისტორიებს. სამომავლოდ ტურისტული აგენტებისა და ტურ გიდების სფერო შესუსტდება და საგრძნობლად დაიკლებს მიმართვიანობა მომხმარებლის მხრიდან.’’- აცხადებს გიგი მჭედლიშვილი.
ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებმა აიტი სპეციალისტს მისი გამოყენების მოტივაცია და სურვილი გაუჩინა. ასე შექმნა გიგი მჭედლიშვილმა საიტი Biujeturi.ge, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება. საიტი ჯერ დახვეწის ეტაპზეა და მას მომავალში მრავალი ფუნქცია დაემატება.
,,ხელოვნური ინტელექტი დამეხმარა თავიდან ბოლომდე საიტის აწყობაში და დაგეგმვაში. ჩემი მხრიდან იდეები მივაწოდე. ის მეხმარებოდა განხორციელებაში. დავაკვირდი, რომ ბევრი ადამიანი არ არის გამოცდილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში. მით უმეტეს მოგზაურობის მხრივ მის გამოყენებაში. გადავწყვიტე, რომ ამეწყო საიტი, სადაც მაქსიმალურად გამარტივდებოდა ყველა პროცედურა. როგორ უნდა დაჯავშნო სასტუმრო, როგორ უნდა იყიდო ბილეთი. მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ სრულად დაგეგმო მოგზაურობა. ამ ეტაპზე საიტზე შესაძლებელია კონკრეტული მოგზაურობის დაგეგმვა, როცა უკვე ნაყიდი გაქვთ მგზავრობის ბილეთი და დაჯავშნილი გაქვთ სასტუმრო, მაგრამ ამის ჩაშენებაც შეიძლება, რომ თავიდან ბოლომდე ყველა დეტალი შეასრულოს.’’- აცხადებს გიგი მჭედლიშვილი.
საიტს სამოგზაურო ბილეთების შეძენის ან სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია არ აქვს. Biujeturi.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ბილეთების შეთავაზების ფუნქცია ამ ეტაპზე ეფექტური არ იქნება, რადგან ხელოვნური ინტელექტი ძვირ ვარიანტებს შეარჩევს, რადგან მაღალ ფასს უკეთესად მიიჩნევს.
,,ის, რომ სამგზავრო ბილეთი თვითონ მოძებნოს და თავად შემოგთავაზოთ ეს ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს. რომც იყოს არ იქნება ჯერჯერობით ეფექტური. იმიტომ, რომ შემოგთავაზებთ ყველაზე ძვირ ვარიანტებს, რადგან იფიქრებს, რომ ეს კარგია. საიტი ბიუჯეტურ ბილეთებს პოულობს. არის შესაბამისი ღილაკები და მარტივად შეიძლება იაფიანი ბილეთებისა და სასტუმროების პოვნა. შემდეგ დაგეგმვაში უკვე ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ. ნელ-ნელა ვამატებ სერვისებს, როგორიცაა სამოგზაურო ინტერნეტი და სამოგზაურო დაზღვევა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პარტნიორობა და ვეძებ პარტნიორებს, რომლებსაც იაფად აქვთ სერვისი. საკმაოდ დიდია ინტერესი. საიტის შესახებ რომ გავასაჯაროვე 200 ათასი ნახვა ჰქონდა პირველივე დღეს ანუ 24 საათში. საიტს მუდმივად ვანახლებ. ახლაც დიდი რაოდენობით ადამიანი შემოდის. დაახლოებით 5-10 ათასი ადამიანი შემოდის დღის განმავლობაში.’’- აცხადებს გიგი მჭედლიშვილი.