საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოდის – ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულები ცნობილია:

Plug and Play – მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მათი  მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.

Startupbootcamp - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 2010 წლიდან დღემდე Startupbootcamp-მა განახორციელა 180-ზე მეტი სპეციალიზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. პორტფოლიო სტარტაპებს აქვს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით მოზიდული ინვესტიციები. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი. Startupbootcamp კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.

500 Global - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით. 
Founder Institute - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

კონკურსის შედეგად შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამა ხელს შეუწყობს:

• ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.

• სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.

• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში  ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ბელგია, ესტონეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, პორტუგალია, ისრაელი, ირლანდია, ლიეტუვა ) 17 განაცხადი შემოვიდა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.