საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57 ადგილს იკავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაერო-ს სპეციალიზებული ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს ინდექსში 71 პოზიცია ეკავა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და წინ უსწრებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, მონტენეგროს გარდა და ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვაკეთი.

„საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო ინდექსში საინფორმაციო და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მთავრობის სწორი პოლიტიკისა და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგია. საქართველოში აქტიურად ვითარდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემა, ხელი ეწყობა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნოლოგიურ კომპანიების წინსვლას. ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით მიმდინარეობს ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელის მშენებლობა, რომელმაც 2025 წლისთვის მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, საკუთარი სატელეკომუნიკაციო ქსელების გაფართოებაში და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესების შემდგომ ციფრულ ტრანსფორმაციას. ასევე წარმატებით მიმდინარეობს ციფრული უნარების განვითარების სპეციალური პროგრამები, რაც უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოთხოვნის ზრდას. ავტორიტეტულ ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება დადებითი გზავნილია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანა მზადაა ინვესტიციების ოდენობის გასაზრდელად განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორებში”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი (IDI) გამოიყენება ქვეყნების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შესაფასებლად და განსაზღვრავს ქვეყნის ICT განვითარების დონეს მსოფლიო მასშტაბით. ინდექსი უნივერსალური (Universal Connectivity) და ყოვლისმომცველი (Meaningful Connectivity) კავშირის 10 კრიტერიუმს აერთიანებს.