რუსეთში ხელისუფლების მოთხოვნით შექმნეს პროგრამები Telegram-ის, WhatsApp-ის და Signal-ის მომხმარებელთა თვალთვალისთვის. ისინი შეიძლება გამოიყენონ FSB-მ და პოლიციამ. ამის შესახებ წერს The New York Times-ი, რომელმაც, როგორც ის ამტკიცებს, ორმოცამდე დოკუმენტური მტკიცებულება მოიპოვა.
ტელეკომუნიკაციების მონიტორინგის ტექნოლოგიური ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს ჰოლდინგი „ციტადელი“, რომელიც 2022 წლამდე ნაწილობრივ რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა.
„ციტადელის“ შვილობილ კომპანიებს შორის არის MFI Soft-ი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი NetBeholder-ი. პროგრამას შეუძლია განსაზღვროს, ვინ ვის როდის და სად ესაუბრება მესინჯერებში, ასევე არის თუ არა შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილი. ინსტრუმენტს არა აქვს წვდომა მიმოწერის შინაარსზე, ხაზგასმით აღნიშნავს NYT.
გარდა ამისა, NetBeholder-ს შეუძლია აჩვენოს ორი ტელეფონის მდებარეობა დღის განმავლობაში, რათა დაადგინოს, იყო თუ არა ისინი ერთმანეთის სიახლოვეს. ასევე პროგრამას სატელეკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მონაცემების გამოყენებით შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან ან რუსეთის რომელი რეგიონიდან არის მომხმარებელი.
ვრცლად radiotavisupleba.ge