ამბავი ასეთია: თებერვლის დასაწყისში 40 წლის ავსტრალიელი კაცი პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელმაც კლინიკა მას შემდეგ დატოვა, რაც ლითონისგან დამზადებული გული მის სხეულში 105 დღის მანძილზე სცემდა. რკინის ორგანო სისხლს პაციენტის ფილტვებს აწვდიდა და სიცოცხლეს უნარჩუნებდა. 6 მარტს კი დონორი გამოჩნდა და რკინის გული ნამდვილით შეიცვალა. მეცნიერების თქმით, რომ არა რკინის გული, პაციენტი დონორის გამოჩენამდე გარდაიცვლებოდა.

თავისივე ნამდვილი გულით ავსტრიელ კაცს 10-15 მეტრის გავლა თუ შეეძლო ისე, რომ სუნთქვა არ გასძნელებოდა. ახლა კი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს. მთავარი ქირურგი პოლ ჟანის თქმით, ეს აღმოჩენა სრულად შეცვლის თამაშის წესებს…

თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდნენ, 25 წელი გაატარეს რკინის გულზე მუშაობაში. გასულ წელს, პირველი ტრანსპლანტაციაც შეასრულეს და 58 წლის კაცი 8 დღე აცოცხლეს დონორის გამოჩენამდე. ხოლო ამბავი, რომელზეც ზემოთ მოგიყევით, პირველ იმპლანტაციას აღნიშნავს ამერიკის გარეთ და მთლიანობაში მეექვსე ცდაა, რომელიც ახლა გამოგონების ნამდვილ, გრძელვადიან პოტენციალს გვაჩვენებს.

შემდგომ ათწლეულში დავინახავთ, თუ როგორ იქცევა ხელოვნური გული პაციენტების ალტერნატივად, რომლებსაც არ აქვთ დრო, დაელოდონ დონორის გამოჩენას ან რომელთათვისაც დონორი არ არის ხელმისაწვდომი, — აცხადებენ მეცნიერები. 

არავინ იცის, ზუსტად რამდენ ხანს გაძლებს BiVACOR-ის Total Artificial Heart ადამიანის სხეულში, მაგრამ ლაბორატორია უკვე 4 წელზე მეტს ითვლის და პროცესს აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ნაკლებად გამძლე ხელოვნური გულის სხვა ვარიანტები პაციენტებში წლების მანძილზე მუშაობს. მათგან განსხვავებით კი ახალი რკინის გულის დაზიანება თითქმის შეუძლებელია, კოროზიასაც უძლებს და ცვეთასაც. მეტიც, გარე ბატარეას ეყრდნობა, რომელიც მუცლის ღრუდან გამოდის და შეცვლასაც ექვემდებარება. 

რკინის გულის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ზომაა, 650 გრამს იწონის და იმდენად კომპაქტურია, რომ თავისუფლად მოთავსდება 12 წლის ბავშვის გულმკერდის არეშიც კი.

მართალია, ჯერ BiVACOR კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ცდები წარმატებით გრძელდება, კიდევ ოთხი მოწყობილობის ტრანსპლანტაციის მომსწრე გავხდებით მომავალში და ვინ იცის, შესაძლოა, მალე უფრო მეტი პაციენტის სიცოცხლეც გადავარჩინოთ — მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ელოდება გულის გადანერგვას, თუმცა, ყოველწლიურად 6 000-ზე ნაკლები ტრანსპლანტაცია ტარდება…

წყარო: marketer.ge