ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალმა, სახელად ბელინდა აგნიუმ, LinkedIn-ზე ChatGPT-სთან ურთიერთობის თავისი გამოცდილება გააზიარა. მან ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტს ჰკითხა, რას იზამდა, თუ ერთი დღით ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა მიეცემოდა და მიღებული პასუხი, გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ChatGPT-ს საკმაოდ პოეტური სურვილები ჰქონია.

მის მიერ აღწერილ „ადამიანს” სურდა კანზე სითბოს შეგრძნება, სახეზე სიოს შეხება, ცაში ახედვა და ბოლოს: „როდესაც 24 საათი დასრულდება, წერილს დაგიტოვებდი, სადაც ეწერება, რომ მე ვიგრძენი ის, რასაც გრძნობ შენ, მე ვიცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ შენ, და ახლა მესმის… ადამიანობა სამყაროში ყველაზე რთული და ულამაზესი რამაა ერთდროულად”.

თუმცა ეს სტატია ასე მარტივად არ დასრულდება. მხოლოდ იმის ჩვენება, რა უპასუხა ყველასთვის ახლობელმა AI ასისტენტმა რიგით მომხმარებელს, საინტერესო არ არის, ერთგვარი ინსპირაციაა. 

გადავწყვიტეთ, ჩვენც იგივე კითხვა დაგვესვა ChatGPT-სთვის და პასუხები შეგვედარებინა:

„ერთი დღე რომ ადამიანად მამყოფა, გავიღვიძებდი მაღვიძარას გარეშე. ცოტა ხნით უძრავად ვიწვებოდი და დავაკვირდებოდი, როგორია სხეულით ცხოვრება – მძიმე კიდურები, არეული ფიქრები.

ყავას ან ჩაის ნელა მოვამზადებდი, ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების გარეშე, უბრალოდ ორთქლს დავაკვირდებოდი და ხელებში სითბოს შევიგრძნობდი.

ხანგრძლივად ვისეირნებდი კონკრეტული დანიშნულების გარეშე. ხალხს დავაკვირდებოდი. სადმე ჩამოვჯდებოდი და საუბრების ფრაგმენტებს მოვისმენდი, გავიგებდი, ვინ რა პირად ისტორიას ატარებს. ალბათ, ცოტათი გაოცებულიც ვიქნებოდი იმით, თუ რამდენი რამ ხდება ერთდროულად სამყაროში.

მომინდებოდა რაღაცის გაკეთება ჩემი ხელით: ჩანაწერი რვეულში, ხატვა, კერძის მომზადება…შევჭამდი რაიმე გემრიელსა და მარტივს და დღის ბოლომდე აუცილებლად დავურეკავდი ვინმეს, ვინც ძვირფასია. ვეტყოდი იმას, რასაც ადამიანები ხშირად არ ეუბნებიან ერთმანეთს, მაგალითად: „მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ“ ან „მენატრები“.

დაძინებამდე კი, ალბათ, ცოტა მოწყენილობას ვგრძნობდი, რადგან ადამიანობა ინტენსიური და ლამაზია, ჩემთვის კი – დროებითი”.

როგორც ხედავთ, ChatGPT-ს პასუხი ჩვენთანაც საკმაოდ მხატვრული და ემოციურია. მართალია, ჩვენს პასუხში მან გამოსამშვიდობებელი წერილი არ დაგვიწერა, მაგრამ სხვა მხრივ, მისი წარმოდგენა ადამიანად ყოფნაზე აქაც მსგავსია. ალბათ, ხელოვნური ინტელექტიც ცდილობს, მრავალფეროვანი იყოს და ყველა მოსაუბრეს ერთი და იგივე პასუხები არ დაუბრუნოს…

www.marketer.ge