ხელოვნური ინტელექტის მიერ ალაპარაკებული ქანდაკებები ვერსალში
სახელგანთქმული ვერსალის სასახლის სტუმრებს, ტრადიციული აუდიო-გიდის მოსმენის ნაცვლად, ახლა უკვე შეუძლიათ, საუბარი მოლაპარაკე ქანდაკებებთან გააბან, რაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. ორშაბათს, 23 ივნისს, ვერსალმა ოფიციალურად დაადასტურა პარტნიორობა აშშ-ში დაფუძნებულ OpenAI-თან და ფრანგულ სტარტაპ Ask Mona-სთან, რომლის მიზანია, XVII საუკუნის საკულტო სასახლეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ელფერი შეემატოს. ცნობისმოყვარე ვიზიტორებს შეუძლიათ ვერსალის მდიდარ ისტორიაში ჩაღრმავება ბაღის 20-მდე ქანდაკების გვერდით დაყენებული QR კოდის სკანირებით, რაც ფრანგულ, ინგლისურ ან ესპანურ ენებზე ინტერაქტიული საუბრების საშუალებას იძლევა. „ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ვერსალის სასახლის ვიზიტორთა ცოდნასა და გამოცდილებას“, - აცხადებს მუზეუმის პრეზიდენტი, კრისტოფ ლერიბო.
მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ყოველწლიურად რვა მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს, რაც OpenAI-ისა და Ask Mona-ს წარმომადგენელთა თქმით, იძლევა საუცხოო შანს, რომ მათი ტექნოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას წარმოჩინდეს. „რაღაც სიახლე გვაქვს ყველასთვის, ვინც პირველად ესტუმრება ვერსალის სასახლის ბაღებს - იქნება ის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, მუზეუმის კურატორი თუ რიგითი სტუმარი“, - ამბობს OpenAI-ის ევროპასთან პარტნიორობის ხელმძღვანელი, ჯული ლავეტი. Ask Mona-ს პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ვერსალთან პარტნიორობა არის შანსი, ხელოვნური ინტელექტის ნაკლებად ცნობილ აპლიკაციებს საზოგადოება უკეთ გაეცნოს. „ხშირად, ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს მისი პროდუქტიულობის მიხედვით ვაფასებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ბერკეტს წარმოადგენს“, - ამბობს მარიონ კარე.
წყარო: 1tv.ge