კენედის კოსმოსური ცენტრის ასამბლეის შენობიდან გამოსული NASA-ს SLS რაკეტა და ხომალდი Orion, რომლებიც Artemis II-ის მისიისთვის ემზადებიან, ამერიკული კოსმოსური პროგრამის ახალი ეტაპის სიმბოლოა. სააგენტო ბოლო პერიოდში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე საუბრობს, რაც პილოტირებულ ფრენებს, სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას მოიცავს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მიღწევები კოსმოსში ლიდერობის განახლებულ პერიოდს მოასწავებს, რასაც ზურგს მკაფიო ეროვნული პრიორიტეტები და მასშტაბური ინვესტიციები უმაგრებს. NASA-ს სააგენტოს დღევანდელი იმპულსი უკვე არსებულ მიღწევებს ეფუძნება – ფართოვდება Artemis-ის კამპანია და Artemis Accords, რომელიც დღეს უკვე 60 ქვეყანას აერთიანებს.

განვლილი ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ ორი პილოტირებული და 15 სამეცნიერო მისია განახორციელა, ასევე წარმატებით გამოსცადა ექსპერიმენტული X-თვითმფრინავი. თუმცა, მთავარი მზადება Artemis II-ისთვის მიმდინარეობს – მისიისთვის, რომელმაც 50-წლიანი პაუზის შემდეგ, ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე უნდა დააბრუნოს. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივი დაბრუნებისთვის.

NASA-ს ადმინისტრატორი, ჯარედ აიზეკმანი მიიჩნევს, რომ ბოლო წელს სააგენტო განსაკუთრებული სიცხადითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. მისი შეფასებით, NASA-ს აქვს კენედის ეპოქის შემდეგ ყველაზე მკაფიო დირექტივა – იფიქრონ მასშტაბურად და იმოქმედონ სწრაფად. აიზეკმანის ხედვით, განახლებულმა სტრატეგიამ გაამკაცრა მისიის ფოკუსი და პრიორიტეტები ისე დაალაგა, რომ კოსმოსური უპირატესობა მომავალ თაობებსაც გარანტირებული ჰქონდეთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სააგენტო პოზიციების გამყარებას განაგრძობს. არსებული გეგმით, ამერიკელი ასტრონავტები მთვარეს 2028 წლისთვის უნდა დაუბრუნდნენ და იქ მუდმივი ბაზა დააფუძნონ. პარალელურად, წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა Nancy Grace Roman-ის კოსმოსური ტელესკოპი.

წყარო: Sciencedaily

www.marketer.ge