მეცნიერებმა სულ ახლახან განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორი, იგივე პეისმეიკერი შექმნეს, გულის ხელოვნური რიტმის წარმმართველი, რომელიც ბრინჯის მარცვალზე პატარაც კია, ინექციაც შესაძლებელია, კონტროლიც და ამოღებაც კი, ქირურგიული ჩარევის გარეშე. მართალია, ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაშია, მაგრამ მეცნიერები უკაბელო პეისმეიკერს რევოლუციური მნიშვნელობის მქონედ აღწერენ, რომელიც კიდევ უფრო წინ წასწევს თანამედროვე მედიცინას. 

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მუდმივი პეისმეიკერით, რომელიც გულს ელექტროპულსების საშუალებით ასტიმულირებს, რათა გულისცემის ნორმალური რიტმი უზრუნველყოს. ახლა კი ამერიკელმა მკვლევრებმა მიზნად დაისახეს, გულის თანდაყოლილი დეფექტებით დაბადებული ბავშვების 1%-ს დახმარებოდნენ, რომელთაც ოპერაციიდან ერთ კვირაში დროებითი კარდიოსტიმულატორი სჭირდებათ.ამასთან, პეისმეიკერი მოზარდებსაც ეხმარება ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნორმალური გულისცემის აღდგენაში.

ამ ეტაპისთვის კი დროებითი კარდიოსტიმულატორების ჩადგმა ოპერაციით ხდება, რა დროსაც ელექტროდებს გულის კუნთებს ამაგრებენ მავთულის მსგავსი ხაზებით, რომლებიც პაციენტის გულზე არსებულ მოწყობილობას უკავშირდება. ხოლო, როცა პეისმეიკერი აღარ არის საჭირო, ექიმები ამ მავთულებს იღებენ, რასაც ხშირად ზიანი მოსდევს. მაგალითისთვის ნილ არმსტრონგი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, დროებითი პეისმეიკერის ამოღების შედეგად, შინაგანი სისხლდენით 2012 წელს გარდაიცვალა… 

ახლა კი ვიგებთ, რომ ისეთი კარდიოსტიმულატორი შეიქმნა, რომელიც უკაბელოა, სულ რაღაც 1 მმ სისქის და 3.5 სიგრძის, იმხელაა, შპრიცის წვერშიც რომ მოთავსდება… ხოლო, როცა საჭირო აღარ იქნება, არსებული დიზაინით დაშლის შესაძლებლობა აქვს, რითაც ქირურგიული ჩარევაც აღარ ხდება საჭირო. 

ეს რევოლუციური კარდიოსტიმულატორი კი პაციენტის გულმკერდზე დამაგრებულ პატჩს უკავშირდება. როცა ეს პატჩი უჩვეულო გულისცემას დაადგენს, ავტომატურად აინთება, რაც უკვე იმას მიგვანიშნებს, რომ სტიმულირებას მიმართავს. პეისმეიკერი ე. წ. გალვანური უჯრედით იკვებება, რომელიც სხეულის სითხეებს იყენებს ქიმიური ენერგიის ელექტრულ იმპულსებად გადაქცევისთვის და სწორედ ეს ასტიმულირებს გულს.

ახალი პეისმეიკერი ტრანსფორმაციული მიღწევაა სამედიცინო ტექნოლოგიებში, პარადიგმის ცვლილება გახლავთ ბიოელექტრულ მედიცინაში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის კარდიოლოგიის მიღმა, იქნება ეს ნერვის რეგენერაცია, ჭრილობის განკურნება თუ ინტეგრირებული ჭკვიანი იმპლანტები, — აცხადებს ბოჟი ტიანი, მეცნიერი.

ამ ეტაპისთვის ახალი კარდიოსტიმულატორი წარმატებით გამოცადეს ლაბორატორიაში თაგვებში, ვირთხებში, ღორებში, ძაღლებსა და ადამიანის გულის ქსოვილში. ვარაუდობენ, რომ უშუალოდ ადამიანებზე ცდების ჩატარებას 2-3 წელიწადში დაიწყებენ.

წყარო: marketer.ge