მეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ის ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნამდვილი საბადოა, - წერს BBC-ი.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ ორგანიზმის ნაწილს, რომელიც ცილების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, საიდუმლო რეჟიმი გააჩნია. მას ქიმიკატების მთელი არსენალის გამოსროლა და ბაქტერიების განადგურება შეუძლია.

ებრაელი მეცნიერების აზრით, ეს მიგნება ცვლის აქამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის დაცული ორგანიზმი ინფექციებისგან და ბუნებრივი ანტიბიოტიკების აღმოჩენის ახალ გზებს იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მატულობს.

კვლევა ფოკუსირდება პროტეაზომებზე - პაწაწინა სტრუქტურაზე, რომელიც ორგანიზმის ყოველ უჯრედშია. მისი მთავარი დანიშნულება ძველი ცილების პატარა ნაწილებად გახლეჩაა, რათა მოხდეს მათი გადამუშავება ახალი ცილების შესაქმნელად. კვლევამ აჩვენა, რომ პროტეაზომებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ უჯრედი დაინფიცირებულია. ის თავის სტრუქტურასა და როლს ცვლის. ძველ ცილებს იარაღად გარდაქმნის, რომელსაც ბაქტერიის გარე ფენის გარღვევა და მისი განადგურება შეუძლია.

„ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს აქამდე ყოვლად ამოუცნობი პროცესი იყო. ამ პროცესის მეშვეობით ჩვენი უჯრედების შიგნით წარმოიქმნებიან მოლეკულები მიკრობების წინააღმდეგ“, - განაცხადა პროფესორმა დენიელ დევისმა.

ექიმების თქმით, ყოველ წელს მსოფლიოში მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება იმ ინფექციებისგან, რომლებსაც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა აქვთ, ამიტომ ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ანტიბიოტიკების აღმოსაჩენად.

წყარო: imedinews.ge