"ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ინდუსტრიული რევოლუციის მსგავსი რამ ხდება ახლა - ამას უნდა შევხვდეთ მეგობრულად და გაშლილი ხელებით, იმიტომ, რომ ეს უკვე აქ არის და ვერაფერი ვერ გააჩერებს", - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ბიზნესმენმა ნიკა გამყრელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველი დარგები, რომლებზეც AI-ს გავლენა ექნება, განათლება და ჯანდაცვა იქნებიან.
"ჩვენ იმის არ უნდა გვეშინოდეს, რომ AI რაღაც-რაღაცებს რადიკალურად შეცვლის. ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი ან პედაგოგ-მასწავლებლები აღარ იქნებიან საჭირო. ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ, რომ ექიმის და მასწავლებლის დრო პროცესში დაოპტიმიზირდება და ამ ოპტიმიზაციაში დაეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი.
დღესაც ხომ ძალიან ბევრი ექიმი უკვე იყენებს მარტივ ინსტრუმენტებს, რაც აქვთ, თუნდაც ChatGPT იქნება, Gemini თუ სხვა. ხელოვნური ინტელექტის დაბადების თარიღს შტატებში 2022 წელს ეძახიან. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი ბევრი წელია არსებობს, მაგრამ სანამ ეს ძალიან ძლიერი ნახევარგამტარები, ჩიპები, შესაბამისად, ეს მოდელები არ შეიქმნა, არ იყო იმხელა პარამეტრების, რომ შესძლებოდა რთული ამოცანების შესრულება. რაც ეს ჩიპები გახდა უკვე ძალიან მძლავრი, ვარჯიშიც უფრო გააქტიურდა - მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ჯერ ძალიან შორს ვართ იქიდან, სადაც შეიძლება ვიყოთ", - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.
ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პროფესიის AI-ით ჩანაცვლება ბუნებრივია, თუმცა საჭიროა, რომ მისი სწორად გამოყენება დავიწყოთ, რაც სამომავლოდ ნებისმიერი პროფესიის საქმიანობას გაამარტივებს.
"ბუნებრივია შიში, რეზისტენტობა, რასაც ხალხისგან ვხვდებით, ბუნებრივია, რომ სამუშაოებს გააქრობს და ასევე ბუნებრივია, რომ სამუშაოებს შექმნის. მაგალითად, ყველაზე საინტერესოა, რომ ადრე ძალიან პოპულარული იყო კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, იმიტომ რომ პროგრამისტები გამოდიოდნენ, პროგრამისტებს კი მაღალი ანაზღაურება აქვთ. რა ხდება ახლა? პროგრამისტებმა თავისივე პროფესიას გაუკეთეს კანიბალიზაცია ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებით. Microsoft-მა რამდენიმე თვის წინ თავისი პროგრამისტების 30-40% დაითხოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ხელოვნური ინტელექტი უკვე თავისით აკეთებს.
ამის მიმღებლობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გვქონდეს და უნდა ვიფიქროთ უკეთესად, როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი.
პაციენტს რა სჭირდება? პაციენტს სჭირდება ემოციური კავშირი ექიმთან. ექიმმა უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი პაციენტის სწრაფი დარეგისტრირებისთვის, რიგების სწორედ მართვისთვის, დიაგნოზის ან თავისი ცოდნის გადამოწმებისთვის, და შემდგომში უკვე უნდა ესაუბროს თავის მომხმარებელს. ჰუმანურ ნაწილს ვერ გააქრობ. იგივე არის განათლებაშიც, იგივე არის ზრუნვაშიც და ბევრ დარგში.
არის დარგები, რომლებიც შემდგომში უფრო მარტივად დაოპტიმიზირებადი გახდება, მაგალითად, იურიდიული მომსახურება ძალიან გამარტივდება. ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ, ეს შიში გადავლახოთ, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი შიშია. ალბათ, ავტომობილიც რომ იქმნებოდა წინა საუკუნეში, იგივე შიშები არსებობდა, მაგრამ ძალიან ააჩქარა ამ ყველაფერმა მსოფლიო და გაცილებით დიდი მასშტაბის აჩქარება გველოდება ხელოვნურ ინტელექტთან ერთად", - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.