ირანმა ჩინეთიდან ათასობით ტონა ბალისტიკური რაკეტების დასამზადებელი მასალა შეუკვეთა. როგორც The Wall Street Journal-ს აცნობეს, ამონიუმის პერქლორატის, რომელიც ირანული ბალისტიკური რაკეტების საწვავად გამოიყენება, რამდენიმე პარტიის ირანში ჩასვლა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი და ეს რაოდენობა ასეულობით ბალისტიკური რაკეტის საწვავისთვის იქნება საკმარისი.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ მასალის ნაწილი, სავარაუდოდ, რეგიონში ირანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს გადაეგზავნება, მათ შორის - ტერორისტ ჰუსიტებს იემენში.
ირანულმა კომპანიამ, სახელად Pishgaman Tejarat Rafi Novin Co., ბოლო თვეებში რაკეტების დასამზადებლად საჭირო მასალები ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ Lion Commodities Holdings Ltd.-სგან შეუკვეთა.
გამოცემის ცნობით, Lion Commodities-ის დირექტორმა, ნელსონ ბარბამ კომენტარისგან თავი შეიკავა, ხოლო Pishgaman-თან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
მედიასაშუალება წერს, რომ ირანის მუდმივმა მისიამ გაეროში კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ ამ კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"ჩინეთი ყოველთვის მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთიერებების ექსპორტს - ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში" - ციტირებს გამოცემა სამინისტროს წარმომადგენელს და იქვე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჩინეთში მყოფ ირანულ ორ გემზე 1,000 ტონაზე მეტი ნატრიუმის პერქლორატი დაიტვირთა - ეს ამონიუმის პერქლორატის წარმოების წინამორბედი ნივთიერებაა. ოფიციალური პირების თქმით, ეს რაოდენობა დაახლოებით 260 რაკეტის საწვავისთვის იყო საკმარისი.
მედიასაშუალების ცნობით, ახალი, უფრო დიდი მოცულობის კონტრაქტით ირანს შეეძლება დაახლოებით 800 ბალისტიკური რაკეტის საწარმოებლად საკმარისი მასალა მიიღოს.