„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა“ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და მიღწეული შედეგების დამსწრე აუდიტორიისთვის გაცნობას ეხებოდა.

დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამების ფარგლებში ჯამურად 46.5 მლნ. ლარით  დაფინანსდა 299 პროექტი.  სტარტაპების მიერ კერძო ფინანსური სარგებლის მოცულობამ 0.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოში შემოვიდა ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი (Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global, Founder Institute), რომლებიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ფარგლებში, შეირჩა. შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, გადამზადდება 160 სტარტაპი, შერჩეული სტარტაპებისთვის კი, ხელმისაწვდომი იქნება 200 000 ლარის საგრანტო დაფინანსება. პროგრამის განხორციელება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ვენჩურულ ფონდთან, 500 Global in Eurasia-თან თანამშრომლობით შეიქმნა 20 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებისთვის. აღნიშნულ ფონდში სააგენტო წარმოდგენილია 25%-იანი თანამონაწილებით. 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ფონდის მიერ განხორციელებულია 5.9 მლნ აშშ  დოლარის ინვესტიცია 59 სტარტაპში.

2025 წლის სექტემბრიდან შევიდა ცვლილებები ინოვაციების შესახებ კანონში, რის შედეგადაც განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი.

  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე პირები, პირველი 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთით.
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე პირებს, მოგების განაწილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 300% გამოიქვითონ დასაბეგრი მოგებიდან. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კი დაიბრუნონ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 20% ქეშბექის სახით.
  • კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საშემოსავლო და მოგების გადასახადების 5%-იანი განაკვეთით.

ცვლილებები შევიდა ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელი IT პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის ბინადრობის მოპოვების წესში. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის. ბინადრობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა და განახლებადია 12 წლამდე.

ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც წარმოადგენს მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.