საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი CSI, რომელმაც მოიპოვა GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი პროდუქტის განვითარებისთვის. CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების სერვისი. სისტემა აერთიანებს ხმოვან ასისტენტს, მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებასა და ოთახის კონტროლის მოდულებს.

ჰაკათონის მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონი განკუთვნილი იყო 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

პროექტის მონაწილეებმა, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნეს ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროექტის მსვლელობისას ესარგებლათ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში.

პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა ასევე გამოავლინეს რჩეული გუნდები, რომელთაც მათთან თანამშრომლობისა და პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობა ექნებათ. რჩეულ იდეებს შორის იყო ციფრული კონსიერჟი სასტუმროებისთვის, სასტუმროს თანამშრომლების onboarding-ის და გადამზადების ჭკვიანი პლატფორმა, სასტუმროების ინდუსტრიის კვალიფიკაციური კადრებით მომარაგების სისტემა. პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication“ – ნათქვამია ინფორმაციაში.