საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში ჰაკათონის Climate Hack 2025-ის დემო დღე გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„გარემოს დაცვის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპის ავტორებს GITA - ს  10 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. სტარტაპი „არკადია” - მომხმარებელს ეხმარება ეკო-ჩვევების ჩამოყალიბებაში 200-მდე ჩელენჯის შესრულებით, რომელთა სისტემატიური შესრულებითაც იგი აგროვებს ქოინებს.  დაგროვებული ქოინებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს არკადიის ასეტები, რომლებიც მის იდეალურ სამყაროს ნელ-ნელა გაზრდის და ააყვავებს. 


ჰაკათონის  მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.  ჰაკათონის 60-ზე მეტი  მონაწილე მთელი საქართველოდან, 36 საათის განმავლობაში, სენაკის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე, დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 20 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს. 

ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
Climate Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა.

ამასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მის ორ რჩეულ გუნდს საპრიზო  თანხა 3.000-3.000 ლარი გადასცა. პარტნიორმა - „შაინ ენერჯიმ“ კი თავის რჩეულ გუნდს გადასცა 5 000 ლარის ოდენობის გრანტი. ასევე, დამატებით 3 გუნდს შესთავაზა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.

„ბიოდიზელ ჯორჯიამ“ და „ლუქსონ ფაუერმა“  გამოავლინეს 6 რჩეული გუნდი, რომელსაც პროდუქტის/ბიზნესის შემდგომ განვითარებაში დაეხმარებიან. 

პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. 

ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - Shine Energy, Biodiesel Georgia, Luxon Power, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია“ - ნათქვამია ინფორმაციაში.