ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 20 მილიონ ევროს გამოყოფს მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციის მიზნით.

კერძოდ, მოლდოვა 20 მილიონი ევროს დახმარებას მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის გამშვებ სისტემებსა და რაკეტებს მოახმარს.

ეს არის ევროპის სამშვიდობო ფონდის  ფარგლებში  მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი მეშვიდე დახმარების პაკეტი.

მანამდე, 7 აპრილს, ევროკავშირის საბჭომ მოლდოვას შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარის მობილობის, ასევე საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მხარდასაჭერად EPF-ის მეექვსე დახმარების პაკეტი მიიღო, რომლის მოცულობა 40 მილიონი ევროა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი  უსაფრთხოების კუთხით მოლდოვის პირველი პარტნიორია. მისი თქმით, მოლდოვის თავდაცვისთვის გამოყოფილი დახმარების მიზანი მშვიდობასა და ადამიანების დაცვაში ჩადებული ინვესტიციაა.

„მიზანი  მოლდოვის არმიის მოდერნიზაცია და მისი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, მოლდოვას ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. და კიდევ ბევრი რამ გველოდება.

წელს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში აღჭურვილობისთვის 60 მილიონ ევროს გამოვყოფთ, რაც 2021 წლიდან ჩვენს მთლიან შენატანს თითქმის 200 მილიონ ევრომდე ზრდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახმარების პაკეტი გააძლიერებს მოლდოვის შესაძლებლობებს, ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

„ევროკავშირი ვალდებულია უზრუნველყოს მოლდოვის ყველა შესაბამისი მხარდაჭერა იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად და გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინაშე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალებსაც ეხმარებოდა. 2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.

თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, 2024 წელს ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის მხარდასაჭერად იგეგმებოდა.

წყარო: "ნეტგაზეთი"