ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფი 2020 წლიდან კიბერშეტევებს ახორციელებს. ეს თავდასხმები მიმართულია უკრაინის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის - ესტონეთის წინააღმდეგ.
ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, ათი სხვა ქვეყნის ანალოგიურ უწყებებთან თანამშრომლობით, დაადგინა, რომ სამხედრო ქვედანაყოფს ნომრით 29155, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს ექვემდებარება, კიბერშესაძლებლობები გააჩნია და კიბერშეტევებს 2020 წლიდან ახორციელებს. ISS-ის, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (PPA) და პროკურატურის ცნობით, ეს თავდასხმები მიმართულია უკრაინის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, მათ შორის - ესტონეთის წინააღმდეგ.
ესტონეთის ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ, პროკურატურის ხელმძღვანელობით, ჩაატარა სისხლის სამართლის გამოძიება, რომელმაც დაადასტურა, რომ ზემოთ დასახელებული ქვედანაყოფი იყო პასუხისმგებელი 2020 წელს ესტონეთის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. გამოძიების დროს დადგინდა თავდასხმებში ეჭვმიტანილი GRU-ს სამი ოფიცრის ვინაობაც. ესენი არიან: იური დენისოვი, ნიკოლაი კორჩაგინი და ვიტალი შევჩენკო.
„გამოძიების ადრეულ ეტაპებზე ჩვენ გამოვავლინეთ დანაშაულის პირველი ნიშნები და ეჭვმიტანილები, რამაც საშუალება მოგვცა, სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, უფრო დიდი ზიანი თავიდან აგვეცილებინა“, - განაცხადა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელმა, აგო ამბურმა.
პროკურატურამ ჰარჯუს საოლქო სასამართლოს კიბერშეტევებში მონაწილე სამი ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი მოსთხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და სავარაუდო დამნაშავეების დაუსწრებლად დაკავების ორდერი გასცა.
პროკურორ ვაჰურ ვერტეს თქმით, დაკავების ორდერის საფუძველზე, სამივე პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. „მართალია, ეჭვმიტანილები ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, მაგრამ საერთაშორისო ჩხრეკისა და დაკავების ორდერი ნიშნავს, რომ თუ ისინი რუსეთს დატოვებენ, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ რომელიმე ქვეყანამ ისინი დააკავოს და ესტონეთის მართლმსაჯულებას გადასცეს“, - აღნიშნა ვერტემ.
გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო პარტნიორებს მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაციები გაუზიარა, რომლებიც თავდასხმებზე პასუხისმგებელ კიბერდანაყოფს შეეხებოდა. სააგენტოების ცნობით, აშშ-ს ხელისუფლებამ უკვე დააწესო ჯილდო 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ესტონეთში იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილების დაკავებას.
GRU-ს ეს სამხედრო ნაწილი, კიბეროპერაციების გარდა, ასევე პასუხისმგებელია გადატრიალების მცდელობებზე, საბოტაჟზე, დივერსიულ ოპერაციებსა და მკვლელობის მცდელობებზე მთელ ევროპაში. როგორც სააგენტოები აღნიშნავენ, ამ დანაყოფის ხელთ არსებული კიბერშესაძლებლობები საფრთხეს უქმნის ესტონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„კიბეროპერაციები დივერსიის მოწყობის, სადაზვერვო მონაცემების შეგროვების ან საინფორმაციო ომის წარმოების მიზნით, ჰიბრიდული ომის წარმოების შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის ძირითადი კომპონენტებია. ჩვენ ვიცავთ ესტონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას კიბერსივრცეში და ფიზიკური ჯაშუშების გარდა, კიბერჯაშუშებსაც ვამხელთ“, - განაცხადა ISS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარგო პალოსონმა.
რუსული სამხედრო ქვედანაყოფი ნომრით 29155 ოპერაციებს ესტონეთისა და სხვა ქვეყნების ქსელების წინააღმდეგ დღემდე აგრძელებს. „ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან, ISS-თან და საინფორმაციო სისტემების ოფისთან (RIA, CERT-EE) თანამშრომლობის წყალობით, ეს თავდასხმები აღმოჩენილი და აღკვეთილია“, - დასძინეს უწყებაში.
2020 წლის ნოემბერში, ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტრზე, სოციალური დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევები მოხდა. თავდამსხმელებმა მიიღეს წვდომა სერვერებზე, მაგრამ მათ მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია მაკომპრომიტირებელი არ აღმოჩნდა. გამოვლინდა სამი კიბერთავდასხმა ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე, აქედან ერთი საგარეო საქმეთა სამინისტროს გარე ვებსაიტს და სერვერებს შეეხო, რამაც იქ განთავსებული სხვა სერვისების მუშაობა შეაფერხა.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი